კრივი უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტად ითვლება. ერთ დროს ის სპორტულ გასართობ ინდუსტრიაშიც კი ლიდერობდა. თუმცა ბოლო წლებში მისი პოპულარობა გარკვეულწილად შემცირდა. მიუხედავად ამისა, მოკრივეები კვლავ რჩებიან მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის. ელიტური მოკრივეები, მრავალმილიონიანი ჰონორარების გარდა, იღებენ სოლიდურ სპონსორულ და სარეკლამო კონტრაქტებსაც. ზოგიერთმა მათგანმა კი რინგის გარეთ საკუთარი ბიზნეს იმპერიაც შექმნა.
ამასთან, კრივის გაძლიერებული აქტივობა საუდის არაბეთში და ის ფაქტი, რომ სტრიმინგ გიგანტი Netflix-ი დიდ ბრძოლებს აფინანსებს, მიუთითებს, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დროა კრივის მთავარი ვარსკვლავობისთვის. დიდი ბრძოლების მონაწილეები ფინანსურად ძალიან კარგად არიან უზრუნველყოფილი, რაც აისახება იმაშიც, რომ თანამედროვე ეპოქის არაერთი მებრძოლი Sports Illustated-ის სიაში ყველა დროის ყველაზე მდიდარ მოკრივეთა შორის მოხვდა.
5.ოსკარ დე ლა ჰოია - $200 მილიონი
დე ლა ჰოია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხვდა, რომ ბოქსში ფული მხოლოდ ბრძოლებში არ იშოვება — მთავარი არის ბრძოლების ორგანიზება და მენეჯმენტი. კარიერის განმავლობაში ის ექვს სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 1992 წელს ოლიმპიური ოქროს მედალიც მოიპოვა. იგი ეჯიბრებოდა ბოქსის უდიდეს სახელებს, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ გახდა პრომოუტერი.
მისმა კომპანია Golden Boy Promotions-მა არაერთი დიდი ბრძოლა გამართა. როგორც რინგში, ისე ბიზნესში მიღწეული წარმატებებით დე ლა ჰოიამ დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ქონება დააგროვა. მისი პროფესიული რეკორდია 39 გამარჯვება და 6 მარცხი, ხოლო კარიერა 16 წელს გაგრძელდა. ექვს წონით კატეგორიაში 11 ჩემპიონობა მოიპოვა და 2014 წელს Sports Illustrated-მა წლის პრომოუტერად დაასახელა.
4. მენი პაკიაო - $220 მილიონი
ვინმეზე თუ შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი მოკრივეა ეს აუცილებლად მენი პაკიაოა. „Pacman“-ის პროფესიული რეკორდია 62-8-3 და ის ერთადერთი მოკრივეა ისტორიაში, რომელმაც რვა სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.
ის 46 წლის ასაკშიც კი აგრძელებს ბრძოლას და სექტემბერში ლეგენდარული რემატჩი აქვს ჩანიშნული ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ. მისი პოპულარობა განაპირობებდა უზარმაზარ სარეკლამო კონტრაქტებსაც. დღეს მისი ქონება 220 მილიონ დოლარს შეადგენს და პარალელურად პოლიტიკურ კარიერასაც აგრძელებს ფილიპინებში.
3. კანელო ალვარესი - $300 მილიონი
კანელო ალვარესი ბოლო ათწლეულის განმავლობაში კრივის მთავარი სახეა. ის ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონია და ორჯერ გახდა დაუმარცხებელი ჩემპიონი სუპერ საშუალო წონაში.
მისი პროფესიული კარიერა უკვე 20 წელს ითვლის, ჩატარებული აქვს 68 ბრძოლა და 63 მოიგო. 2021 წელს გახდა პირველი მოკრივე, რომელმაც სუპერ საშუალო წონაში ყველა ტიტული გააერთიანა. მიუხედავად ბოლო მარცხისა, ფინანსურად მაინც დიდ მოგებას იღებს. 35 წლის ასაკშიც აქტიურია და მისი ქონება 300 მილიონ დოლარს აჭარბებს.
2. ჯორჯ ფორმანი - $300 მილიონი
ჯორჯ ფორმენის ქონება, რომელიც 2025 წლის მარტში გარდაიცვალა, გარდაცვალების მომენტში 300 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. მან კრივში 76 გამარჯვება მოიპოვა და ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.
45 წლის ასაკში გახდა ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონი. თუმცა მისი შემოსავლის დიდი ნაწილი მოდიოდა ბიზნესიდან, განსაკუთრებით ცნობილი George Foreman Grill-იდან, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტად იქცა.
ფლოიდ მეივეზერი - $400 მილიონი
ფლოიდ მეივეზერი ბოქსის ისტორიაში ყველაზე მდიდარი მოკრივეა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერა 2017 წელს დაასრულა, მისი ქონება დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს.
მისი რეკორდია იდეალური, 50 გამარჯვება და 0 მარცხი. დაამარცხა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან პაკიაო, კანელო, კონორ მაკგრეგორი და სხვები. ხუთ წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მოიპოვა 15 მთავარი ტიტული. მიმდინარე წლის შემოდგომაზე ის პროფესიონალურ კრივში ბრუნდება და საკუთარ რეკორდს ნაცნობი მეტოქის მენი პაკიაოს წინააღმდეგ დადებს სასწორზე.
ის აღიარებულია 2010-იანი წლების საუკეთესო მოკრივედ და ხშირად სახელდება ყველა დროის საუკეთესო “pound-for-pound” მებრძოლად. ბიზნესში, შოუში და სხვა პროექტებში მონაწილეობით მან შექმნა უზარმაზარი ფინანსური იმპერია. მეტსახელად “Money” სრულად ამართლებს თავის სტატუსს.




























