გაზგამანაწილებელი კომპანიები მომდევნო 5 წელში ჯამურად 307 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. შესაბამისი საინვესტიციო გეგმები სემეკმა უკვე შეითანხმა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ კომპანიების მხრიდან წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმები ძირითადად მოიცავს მოძველებული ქსელების გამოცვლას და ისეთი არეალების გაზიფიცირებას, სადაც აქამდე ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი არ ყოფილა.
“ბუნებრივი გაზის სექტორში ინვესტიციები ძირითადად ხმარდება სამ მთავარ საკითხს. პირველი - ეს არის სხვადასხვა დასახლებების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პროექტები, მათ შორის დედოფლისწყაროში ახალი უბნების გაზიფიცირება. იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს ჯერ კიდევ ისეთი დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება, სადაც ჯერ არ არის ბუნებრივი აირი შეყვანილი.
მეორე მიმართულება, რაზეც იხარჯება თვითონ საინვესტიციო თანხები არის არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, სადაც მარეგულირებელი სადგურები, ან მილებია შესაცვლელი, ან ტექნიკურად გადაიარაღება სჭირდება ქსელს. არის ასევე ტექნიკასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლითაც უნდა მოემსახურონ ისინი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს და გაზის სისტემებს ამ მუნიციპალიტეტებში.
ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაშიც წარმოდგენილი თანხები იხარჯება. მარეგულირებელი კომისია როგორც წესი, ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომლის აუცილებლობაც არის განსახორციელებლად. ანუ, ახალი გაზიფიცირებების პროექტები, არსებული სისტემების უსაფრთხოების საკითხების მოწესრიგება პირველ რიგში და ასევე ის, რამაც უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება უნდა უზრუნველყოს. ეს კრიტერიუმები ჩვენ ინვესტიციების შეფასების წესში გვაქვს გაწერილი და ამ წესის შესაბამისად ვითანხმებთ მათ ინვესტიციებს.
ბუნებრივი გაზის სექტორის არსებულ ქსელში პრობლემები და გამოწვევები შედარებით ნაკლებია. აქ ეტაპობრივად ხდება მოძველებული ქსელის გამოცვლა, ცალკეული უბნების გამოცვლა. ძირითადად, სადაც არის სამუშაო ფრონტი გაშლილი, ეს არის ახალი დასახლებები, ისეთი არეალები, სადაც გაზიფიცირება აქამდე არ ყოფილა და სულ უფრო და უფრო პერიფერიული ნაწილებისკენ მიდის სამუშაოები, ანუ უფრო შედარებით მაღალმთიანი დასახლებებისკენ მიდის გაზიფიცირების სამუშაოები, იმიტომ რომ ყველა ძირითადი დაბა და სოფელი უკვე გაზიფიცირებულია და წლების განმავლობაში რამდენიმე ასეული მილიონი ლარია დახარჯული, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც ამ სექტორში,”-ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.




























