მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით მოწინავე ვართ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის - პაატა კვიჟინაძე

კვიჟინაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ირწმუნება, რომ ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით, ყველა პარამეტრით თუ შედეგებით, ვართ მოწინავე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. მან ამის შესახებ საპარლამენტო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება განიხილეს.

კვიჟინაძის თქმით, ევროკავშირში როცა წევრიანდება ქვეყანა, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალი იყოს.

ამასთან, მან პროევროპულ, მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალადობრივი უწოდა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზებით, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით უპირობო ლიდერია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა, მათ შორის, საქართველოს აქვს უფრო მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე ევროკავშირის წევრ, ასევე მეზობელ და კანდიდატ ქვეყნებს. აგრეთვე ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის კუთხით და მე-11 ადგილზეა, ხოლო მთავრობის ვალის თანაფარდობით მშპ-სთან მე-6 ადგილზე. ევროკავშირის კანდიდატ 10 ქვეყანას შორის მე-3 ადგილზეა ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით, ხოლო მე-4 ადგილზე მთავრობის ვალის სიმცირით და ცალსახად ვუსწრებთ, რა თქმა უნდა, მოლდოვას და უკრაინასაც. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგით, საქართველოს ბიუჯეტი პირველ ადგილზეა გამჭვირვალობის კუთხით. ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა სასამართლო, დემოკრატია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ყველაფერი ეკონომიკაზე გადის. ასეთი სიტუაცია გვაქვს დღეს: ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით, ყველა პარამეტრით თუ შედეგებით, ვართ მოწინავე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის.

ევროკავშირში როცა წევრიანდება ქვეყანა, რამდენიმე საკითხია: ერთ-ერთი მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მაღალი, რომ ცხოვრების დონემ აიწიოს, ვინმეს თუ ჰგონია, შეხვალ თუ არა, თავზე დაგეყრება ეს ფული და უცბად ცხოვრების დონე აიწევა, ასე არ ხდება. ევროპის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, როდესაც შევიდნენ მათ იქ შეუქმნეს პირობები, რომ 6-7%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონოდათ და 20 წელიწადში მიაღწიეს იმ შედეგებს, რაც დღეს აქვთ. წარმოიდგინეთ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა და ამას უნდა შენარჩუნება. ამაზე დიდი საქმე დღეს ქვეყანას არ აქვს, ყველაფერი ის, რაც დღეს გარეთ ხდება, ძალადობრივ მიტინგებს ვგულისხმობ და არა მშვიდობიანს, ეს არის ქვეყნის მტრობა იმ გაგებით, რომ ჩვენ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ. ერთ-ერთი მთავარი მაღალი ეკონომიკური ზრდაა, ერთი ჯოხის დარტყმით ეკონომიკა არ იქმნება, წლები უნდა წარმატების მიღწევას, ამიტომ ეს საერთო საქმეა. „ქართული ოცნება“ სულ ხომ არ იქნება, ყველას საქმეა - ოპოზიციის თუ პოზიციის. უნდა დაწყნარდეს სიტუაცია და ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება მილიარდ 400 მილიონი ლარით და ეს გადასახადებიდან მიღებული შემოსავალია. პაატა კვიჟინაძის თქმით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები კარგია, ბიუჯეტი დაბალანსებულია და ყველა მაკრო პარამეტრი ნორმაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები