საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი აფასებს. როგორც კარლ ჰარცელმა bm.ge-სთან საუბარში განაცხადა ყველა გაოცებულია იმ პოზიციებით, რაც ქვეყანას ბოლო წლებში სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში აქვს. ელჩის განმარტებით, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის კიდევ უფრო მეტის გაკეთების პოტენციალი, ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა.
„ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ იმაზე, რომ საქართველოში კიდევ და კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია განხორციელდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც აქცენტს გავაკეთებთ გახლავთ კვალიფიციური სამუშაო ძალა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სამუშაო ძალა პასუხობდეს შრომის ბაზრის არსებულ და სამომავლო გამოწვევებს",- აცხადებს ელჩი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის განცხადებით, 2019 წელსაც ევროკავშირი აქცენტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაზე გააკეთებს, განსაკუთრებით კი სამუშაო ადგილების შექმნაზე ქვეყანაში, რაც როგორც ჰარცელმა აღნიშნა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
ელჩის თქმით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს განათლების, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების გაუმჯობესების საკითხზე, რადგან ეს უკეთესი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას შეუქმნის საფუძველს. ისევე როგორც გასულ წლებში წელსაც ევროკავშირის ერთერთ მნიშნელოვან პრიორიტეტს საქართველოში სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს. როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა კიდევ ერთი მნიშნელოვანი სფერო, სადაც 2019 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდება, ინფრასტრუქტურაა.

























