"ჯეო ჰოსპიტალის" ქსელის და სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინა კობახიძის შეფასებით, კანდიდატებს, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილებოდნენ, მიხეილ სარჯველაძე ბევრად ჯობია. ამის შესახებ დარგის წარმომადგენელმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნე მიხეილ სარჯველაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებას შეეხებოდა.
ნინა კობახიძე ამბობს, რომ ამის მიზეზი პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად ისიცაა, რომ სარჯველაძეს საკანონმდებლო მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
"მიხეილს ბევრი წელია ვიცნობ და ვიცი მისი პროფესიონალიზმის შესახებ. არის ძალიან პროფესიონალი იურისტი და ჭკვიანი და კარგი ადამიანი - ეს რაც პიროვნულ შეფასებას ეხება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სადავო საკითხია უნდა იყოს თუ არა სფეროდან ჯანდაცვის მინისტრი. თუმცა თუ მას ერთიანი პოლიტიკის ჭრილში სწორი მოადგილეები და მრჩევლები ეყოლება, ასევე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებით თუ სფეროს წარმომადგენლების აზრი და ინტერესი გათვალისწინებული იქნება, ჩემი გადასახედიდან იურისტის მაღალ პოზიციაზე ყოფნას ყოველთვის მივესალმები.
არ ვიცი, თავად ახალი მინისტრი რამდენად არის ინფორმირებული ჯანდაცვაში არსებული გამოწვევების შესახებ, მაგრამ ამისთვის ვართ პროფილური ასოციაციები და სექტორიც, რომ ეს ინფორმაცია მყისიერად მივაწოდოთ - რა რეფორმები უნდა გაგრძელდეს და რა საჭიროებს მყისიერ ცვლილებას. პერსონალურად კარგი მოლოდინი მაქვს, დანარჩენი კი მუშაობაში გამოჩნდება.
ყველა კანდიდატს, ვისზეც საუბარი იყო, შერჩეული ნამდვილად ჯობია. ვგულისხმობ იმ კუთხით, რომ გუნდის წევრია, პარლამენტარია და ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელია სამინისტრო და პირდაპირ კავშირშია საკანონმდებლო მუშაობასთან. შესაბამისად, გუნდის ნდობა და გამოცდილება რომ აქვს, ეს განაპირობებს მოლოდინს, რომ დროულად შეძლებს გადაწყვეტილებების მიღებას", - განაცხადა ნინა კობახიძემ bm.ge-სთან.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისრტმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის მოქმედი წევრი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა.