„ყველა მწარმოებელი საუბრობდა პრობლემებზე“ - ასე აღწერს კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე ე.წ. “ფასების სამთავრობო კომისიის“ და მწარმოებლების დღევანდელ შეხვედრას.
„ძირითადად, მთავრობის მხრიდან ინტერესი იყო, გაეგოთ მწარმოებლების პრობლემები... შეხვედრაზე მოსული ყველა მწარმოებელი ან მწარმოებლის წარმომადგენელი ლაპარაკობდა სხვადასხვა სახის პრობლემაზე, რაც განხილვას უფრო ართულებდა. ჩემი აზრით, მთავრობას სურს, ყველა პრობლემის სისტემატიზაცია მოახდინოს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება“, - თქვა რევაზ ვაშაკიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
ამასთან, ამ ეტაპზე, ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის მფლობელი პროდუქციის გაიაფების შესაძლებლობას ნაკლებად ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის გაიაფებაში თავადაც არის დაინტერესებული, რათა მეტი მომხმარებელი და შესაბამისად, მეტი შემოსავალი მიიღოს.
რევაზ ვაშაკიძე მთავრობის მიერ სასურსათო პროდუქტების გაიაფების მცდელობას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, თუ მოკლევადიან პერიოდში, რიგი პროდუქცია გაიაფდა, ეს ჯანსაღი ეკონომიკური პროცესის შედეგი ვერ იქნება, გრძელვადიანი შედეგისთვის კი, ბიზნესმენის აზრით, სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
ბიზნესმენის შეფასებით, სასურსათო პროდუქტების სიძვირე, როგორც პრობლემა, იმაზე კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რატომ ღირს საქართველოში სასურსათო პროდუქტები ძვირი? - რევაზ ვაშაკიძემ გაიხსენა პირადი გამოცდილება, როდესაც 2018-2019 წლებში თბილისის მერიამ „ჩირინას“ გაყიდვების წერტილები გააუქმა, რამაც კომპანია აიძულა, პროდუქტი გაეძვირებინა, რადგან ახალი, დამატებითი ინვესტიციების განხორციელება მოუწია.
„დაახლოებით, 70-80 წერტილი გვქონდა ქალაქში და ყველა კმაყოფილი იყო. მერიის მოადგილე [ირაკლი ხმალაძემ] რუკა გაშალა და გვითხრა - თქვენი ყველა ჯიხური წითელ წერტილშია და უნდა აიღოთო... დენიც კი გაგვითიშეს, სადაც ნედლი ქათამი გვქონდა. 4-5 მილიონი ლარის ზარალი მივიღეთ. მოგვიწია ახალი წერტილების იჯარით აღება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამან ქათმის ხორცის გაძვირება გამოიწვია“, - თქვა რევაზ ვაშაკიძემ, თუმცა გადაცემის წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ეს ისტორია დღეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე არ მოუყოლია.
რევაზ ვაშაკიძე გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსავალს წარმოების ინდუსტრიულ მასშტაბსა და საკანონმდებლო რეგულაციებში ხედავს.
ბიზნესმენი სთავაზობს მთავრობას, კანონით დაარეგულიროს ქსელურ მარკეტებში ხორცის განყოფილებების არსებობა, რათა მწარმოებელს არ უწევდეს დამატებითი მაღაზიების შენახვა და პროდუქციის პირდაპირ ჩაბარება შეეძლოს.
რევაზ ვაშაკიძის ინფორმაციითვე, „ჩირინას“ მიერ წარმოებული ხორპროდუქტების 95% თავისივე ქსელში იყიდება და მხოლოდ 5% შეაქვს „კარფურის“ ქსელში.
კიდევ ერთი გამოწვევა, რაც ადგილობრივ წარმოებას აძვირებს, ბიზნესმენის აზრით, წარმოების მცირე მასშტაბი და იმპორტის მიმართ სახელმწიფოს ლოიალურია მიდგომაა.
რევაზ ვაშაკიძით თქმით, „ჩირინას“ აქვს რესურსი, წარმოება გაასამმაგოს, თუმცა ამას არ აკეთებს, რადგან ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული ხორცპროდუქტებით, რომელსაც სახელმწიფო სათანადოდ ვერ არეგულირებს.
„ჩვენ შეგვიძლია, სამი-ოთხი თვის განმავლობაში წარმოება გავზარდოთ სამჯერ და ჩვენ არ ვაკეთებთ ამას. რატომ? იმიტომ, რომ იმპორტის პოლიტიკა ისეთია, რომ ფაქტობრივად, ყველას, ვისაც არ ეზარება, შემოაქვს ქათამი... თუ ჩვენ არ შევიმუშავეთ ჩვენი პოლიტიკა მეფრინველეობაში, მაშინ საერთოდ აღარ გავზრდი წარმოებას, შეიძლება შევამცირო კიდეც. აზრი ხომ უნდა ჰქონდეს - ამხელა წარმოება გვაქვს და არ არის დატვირთული“, - აცხადებს მწარმოებელი.
ადგილობრივი წარმოების გაზრდისთვის და შესაბამისად, სასურსათო პროდუქტების გაიაფების გზას ბიზნესმენი სახელმწიფოს მიერ იმპორტზე კვოტების დაწესებაში ხედავს, რათა ადგილობრივ მწარმოებელს გაუჩნდეს გარანტია, რომ მის პროდუქციას ბაზარზე თავისი ადგილი ექნება.
„ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპულს რასაც ვუწოდებთ, არის კვოტირება. შეაქვთ ზუსტად ის რაოდენობა, რომელიც შესატანია და არა - მეტი. ჩვენთან კი პირიქით ხდება. თუ არ მოხდა საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ქართული პროდუქციის წარმოდგენაზე, შედეგს ვერ მივიღებთ“, - ამბობს ის.




























