მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა ნივთი განთავსდება მუზეუმში" - კალაძე გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილ არტეფაქტებზე

5e2f0aba6a17a
BM.GE
27.01.20 20:40
1157
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი ყველა არქეოლოგიური ნივთი მაქსიმალურად შენარჩუნდება და საბოლოოდ, მუზეუმში განთავსდება.

„თქვენც იცით, რომ გუდიაშვილის მოედანის რეაბილიტაციის ფარგლებში დავამატეთ შენობა-ნაგებობები, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა დამატებით გამოგვიყო თანხები. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მოედანი და მიზიდულობის ადგილი თბილისში, რომელიც არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. აქ არსებული ისტორიული შენობა-ნაგებობები აღდგენილი და მოწესრიგებული იქნება. სამუშაოები სექტემბრისთვის უნდა იყოს დასრულებული. როდესაც მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები, არქეოლოგიურად საინტერესო ნივთები ამოდის. ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს, არის თასი, დაახლოებით XI-XII საუკუნის. ძალიან ბევრი მსგავსი ნივთია ამოღებული, რომელთა კონსერვაცია ხდება. ყველა ეს ნივთი განთავსდება მუზეუმში, რომელიც აქ გაკეთდება და დამთვალიერებლისთვის აქ მოსვლა საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სულ ცოტა ხნის წინ, ახოსპირელის 3/7-ში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლინდა გუმბათოვანი სარდაფი, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით მე-17-18 საუკუნეებს განეკუთვნება. ამავე მისამართზე მომიჯნავე სარდაფში აღმოჩენილია მოჭიქული თასი, რომელიც მე-11-12 საუკუნეებს ეკუთვნის. მიმდინარე წლის იანვარში ჯამში 7 მოჭიქული თასი და 3 ჭრაქი აღმოაჩინეს.

მოსალოდნელი აღმოჩენების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები.

აღმოჩენების შენარჩუნების მიზნით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდება, რათა აღდგენილი ისტორიული ძეგლები მომავალში მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ტურისტული თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ამ ეტაპზე, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შენობების ნაწილის შიდა სარემონტო, ფასადის მოპირკეთების, სველი წერტილების, შუშაბანდებისა და აივნების მოწყობის სამუშაოები. მეორე ნაწილზე, კონკრეტულად კი, აბო თბილელის N1-სა და ახოსპირელის 3/7-ში ისტორიული ძეგლების საძირკვლებისა და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები, მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობების შესწავლის მიზნით, მათი გაწმენდის სამუშაოები.

ჯიბლაძის N3-სა და N5-ში მიმდინარეობს შენობების დემონტაჟის სამუშაოები, ხოლო აბესაძის N21-ში - შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები.

შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები.

ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 26 შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2018-2019 წლებში შეადგენდა 37 000 000 მილიონს. 2019-2020 წლებისთვის კი დამატებით გამოიყო 25 მლნ ლარი.

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ღირებულება 62 000 000 ლარს შეადგენს.

პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 124-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება. ასევე, უძრავი ქონების ღირებულება გაიზრდება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაჩნდება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

ადგილზე მერთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები - სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები - გიორგი ბირბიჩაძე და ბექა დავითულიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები