მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა ობიექტის შემოთავაზებას ვერ ვთანხმდებით“ - "შოკოჰოლიკი" მაღაზიის გახსნას გეგმავს

63b975fdc020d
თინათინ ნატმელაძე
07.01.23 21:00
811
არტიზანული შოკოლადის საწარმო „შოკოჰოლიკი“, რომელიც 1.5 წლის წინ გამოჩნდა, რამდენიმე სახეობის ნუგას აწარმოებს და სამომავლოდ საკუთარი ობიექტის გახსნას და პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი თეა სამადაშვილი-ედიშერაშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მათი პროდუქციის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი ამერიკიდანაა, შესაბამისად პირველ საექსპორტო ბაზრადაც ამერიკა განიხილება.

„თავიდან ასორტით დავიწყეთ - იყო ორი სახეობის ნუგა, ხელნაკეთი ბონბონები და ტრიუფელები, შემდეგ მოთხოვნიდან გამომდინარე მივხვდით, რომ მხოლოდ ნუგის მიმართულებით უნდა წავსულიყავით და დღეს უკვე ექვს სხვადასხვა გემოს ნუგას ვაწარმოებთ, ერთ-ერთი ბოლო, რომელი შევქმენით, არის ყავის ნუგა მოხალული ნუშით და ნიგვზით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი ნუგა ნატურალური პროდუქტით მზადდება, არ შეიცავს ლეციტინს, შემნახველებს, საღებავებს და ა.შ. ასევე, ვცდილობთ, რომ პროდუქტის ძირითადი ნაწილი ქართული იყოს, რეგიონებთან ვთანამშრომლობთ და ამით სხვა მწარმოებელ სტარტაპებს ხელს ვუწყობთ.
ამჟამად ჩვენი პროდუქცია ონლაინ იყიდება, ზოგადად ყველა ობიექტთან და ყველა შემოთავაზებაზე ვერ მივდივართ, რადგან "შოკოჰოლიკი" უფრო მაღალი კლასის ობიექტის გახსნას გეგმავს", - ამბობს თეა სამადაშვილი-ედიშერაშვილი და დასძენს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა ექსპორტია - "ამ ეტაპზე ჩვენი წარმადობის 50-60% საჩუქრად სხვადასხვა ქვეყნებში იგზავნება, ახლახან გავგზავნეთ იაპონიაში, სამომავლოდ კი ამერიკის ბაზარზე მუშაობასაც ვგეგმავთ".

რაც შეეხება გამოწვევებს, „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი ყვება, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლების ინტერესის შენარჩუნებაა.

„თავიდან მარტივი იყო ყურადღების მოპოვება, ახლა კი ბევრი შრომა გვიწვეს, რომ ეს ყურადღება შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს, ის ნედლეული, რომლითაც ჩვენი პროდუქტი მზადდება საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამას ადამიანური რესურსიც ემატება და ჩვენს ნუგას საკმაოდ მაღალი საფასური აქვს.“ - განმარტავს დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები