„ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ეფექტიანად განხორციელდეს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ფაროსანასთან ბრძოლაში ჩართული უნდა იყოს ყველა რგოლი.
"მავნებელთან ბრძოლის არსებული კომპლექსური მიდგომაა, ყველა რგოლის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა, სოფლის რწმუნებულის დონეზე, თითოეულ ფერმერთან აქტიური კომუნიკაცია. ვერ გავყოფთ ზღვარს, რა არის ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის გასაკეთებელი და რა ფერმერის. ფაქტობრივად ეს არის გამოწვევა, რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა მინიმუმამდე შევამციროთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში მობილიზებულია 250-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, შექმნილია მავნებლის გავრცელების მონიტორინგის და მოსახლეობის ინფორმირების სისტემები. როგორც უწყება იტყობინება, განახლდა და კეთილმოეწყო სივრცეები, სადაც შესაძლებელია ფერმერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება.