ყველა საჯარო დაწესებულებაში მხილების ძლიერი მექანიზმი ამოქმედდება - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის პირდაპირ კავშირშია კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიასთან.
„მამხილებელი შეიძლება იყოს როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ისე საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ უწყებაში. მტკიცების ტვირთი მას არ ექნება და ეს ბიუროს, როგორც გამკვლევის, საგანი გახდება“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
როგორც ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, მხილების მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის ზრდას და მოქალაქეების ნდობის განმტკიცებას საჯარო სექტორის მიმართ.
„ხშირად მოქალაქეები ვერ იღებენ დროულ პასუხებს საჯარო უწყებებიდან. ეს პირდაპირ აზიანებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, ამიტომ მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ჩვენი დემოკრატიის დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია“, - დასძინა კუპრაშვილმა.
კუპრაშვილის თქმით, დღეს ანტიკორუფციული ბიურო საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრას, სადაც განიხილება როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკა, ასევე ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბერ-ნოემბრიდან შევა ძალაში.



























