ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კვლევა არასწორადაა ჩატარებული, ხოლო შერჩეული ვალდებულებები უკიდურესად მძიმე და არასწორია - ასე პასუხობს მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიას. როგორც კომპანიის იურისტი bmg-სთან აცხადებს, კვლევით გათვალისწინებული ვალდებულებები მაგთიკომის წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა მისი ძალაში შესვლის შემდეგ იგი ნეგატიურად აისახება მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და დარგში ინვესტიციები შემცირდება. ლევან გიორგაძის თქმით, კომპანია გეგმავს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა დასაბუთდეს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება კომპანიისთვის ახალი რეგულაციების განსაზღვრის შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელია.