მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა სიახლე, რომელიც NVIDIA-მ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე წარადგინა

ჯენსენ ჰუანგი

18 მარტს, კალიფორნიაში, სან-ხოსეში, NVIDIA-ს ყოველწლიური კონფერენცია GTC (GPU Technology Conference) გაიმართა, სადაც კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია წარადგინა:

Blackwell Ultra – NVIDIA-ს ახალი თაობის გრაფიკული პროცესორი, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი. Blackwell Ultra გაზრდილი მეხსიერებით გამოირჩევა და მას შეუძლია უფრო დიდი AI-მოდელების დამუშავება. აღნიშნული პროდუქტი კორპორაციულ სექტორზე იქნება გათვლილი და მას ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები მოიხმარენ, როგორებიც არიან: Google, Amazon, Meta, Oracle, Dell და HP.

Vera Rubin – ახალი სუპერჩიპი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის გაზრდილ სიჩქარესა და წარმადობას. მისი გამოშვება 2026 წლის მეორე ნახევარში იგეგმება, ხოლო გაუმჯობესებული ვერსია, Vera Rubin Ultra, 2027 წელს გამოვა. AI-პროცესორი მონაცემთა ცენტრებზეა მორგებული და თუ ჯენსენ ჰუანგს დავუჯერებთ, ის სერვერების ინდუსტრიაში რევოლუციას მოახდენს.

Blue – რობოტიკის მიმართულებით ახალი პროექტი, რომელიც NVIDIA-ს, Disney Research-ისა და Google DeepMind-ის ერთობლივი ნამუშევარია. Blue აღჭურვილია NVIDIA-ს უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიით და იყენებს კომპანიის ახალ ფიზიკის ძრავას, Newton-ს, რომელიც სპეციალურად რობოტიკის სიმულაციისთვის შეიქმნა. Blue-ს დიზაინი Disney-ის მფლობელობაში არსებული „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზიდანაა აღებული და ის კომპანიონის ფუნქციას ასრულებს.

Dynamo – NVIDIA-ს კორპორაციული სისტემა, რომელიც შექმნილია AI-მოდელების სწრაფი მასშტაბირებისა და მათი ოპტიმიზებული მუშაობისთვის. Dynamo მიზნად ისახავს, გახდეს ხელოვნური ინტელექტის „ქარხნების“ მთავარი ოპერაციული სისტემა და ბაზარზე ამჟამად არსებული OS-ები სამუდამოდ ჩაანაცვლოს.

General Motors-თან პარტნიორობა – ახალი თანამშრომლობა, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია თვითმავალი ავტომობილების, ქარხნებისა და რობოტების განვითარებაში. როგორც ცნობილია, GM-თან თანამშრომლობით NVIDIA ავტონომიურ AI-სისტემას შექმნის, რომელიც ავტომობილის მართვას მძღოლის გარეშე შეძლებს.

Newton – ახალი თაობის ფიზიკის ძრავა, რომელიც NVIDIA-მ Google DeepMind-თან და Disney Research-თან ერთად შექმნა. Newton-ის მეშვეობით რობოტებს შეუძლიათ უფრო რეალისტურად აღიქვან და ისწავლონ ფიზიკურ გარემოში მუშაობა, თუმცა ამისათვის მათ რეალურ სამყაროში ოპერირება არ მოუწევთ და ისინი სწავლას ვირტუალურ სამყაროში, ომნივერსში შეძლებენ, რაც მანქანური დასწავლის პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს და აიაფებს.

ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება და NVIDIA-ს მიზანია, ამ პროგრესს შეუქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პროგრამული ხელსაწყოები, რათა AI-ით სარგებელი მსოფლიოს ყველა მოქალაქემ მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები