პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლითაც საზღვარზე ტვირთებს და გზავნილებს კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებით შემდგარი ჯგუფები გადაამოწმებენ.
როგორც მომხსენებელმა, "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ცვლილება ითვალისწინებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, პორტებსა და აეროპორტებში, ასევე საფოსტო გზავნილებისთვის გათვალისწინებულ პუნქტებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფების შექმნას.
მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფების მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ტვირთების კონტროლი და საეჭვო გზავნილისა თუ ტვირთის გადამოწმება.
"ყველა ტვირთი ვერ გაკონტროლდება, რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ათასობით კონტეინერი მოძრაობს ყოველდღიურად და თითო კონტეინერის საფუძვლიან შემოწმებას დაახლოებით ერთი დღე და მეტი სჭირდება. შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია ამის შემოწმება, იმხელა რიგები დადგება ქვეყანას შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას. ამიტომ, აქ ერთადერთი გამართლებული სისტემა რისკებსა და ანალიზზე დაფუძნებული სამუშაო ჯგუფების არსებობაა. თუ ადგილზე გარკვეული ეჭვი იარსებებს, რა თქმა უნდა, ცენტრთან კოორდინაციით ესა თუ ის ტვირთი დამატებით დაექვემდებაროს შემოწმებას", - ამბობს დარახველიძე.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული ცვლილებების მიზანია ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის კონტროლი.
"ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ასევე, სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საბაჟო ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები. ისინი ზემოაღნიშნული მიზნითა და ხსენებულ ორგანოთა კოორდინირებული თანამშრომლობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ შესაბამის პუნქტებში/ადგილებში, განახორციელებენ ერთობლივ საბაჟო კონტროლს", - წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის თანახმად, სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საზღვარზე მომუშავე ამ ჯგუფების დაფინანსება ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბიუჯეტიდან მოხდება.




























