ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ხმების წინასწარი დათვლის მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერებად „ქართული ოცნების“ კანდიდატები აირჩიეს.
ცესკოს მონაცემებით, რუსთავში მერის პოზიცია ნინო ლაცაბიძემ დაიკავა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 91.933% (30 962 ხმა) მიიღო.
ქუთაისის მერად დავით ერემეიშვილი აირჩა. მან ხმების 85.649% (37 635 ხმა) მოიპოვა.
ბათუმში არჩევნებში გამარჯვება გიორგი ცინცაძემ მოიპოვა, რომელმაც მოქალაქეთა ხმების 80.616% (42 815 ხმა) მიიღო.
ფოთში მერის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ბექა ვაჭარაძე მონაწილეობდა, რომელმაც ცესკოს მონაცემებით ხმების 100% (14 431 ხმა) მიიღო.
დედაქალაქში, თბილისის მერის არჩევნებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა და ამ დრომდე, ორი ვადით მოქმედმა მერმა კახა კალაძემ 71.58%-ით გაიმარჯვა და 214 872 ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, "ოცნების" გადაწყვეტილებით 2017 წელს 7 თვითმმართველ ქალაქს სტატუსი ჩამოართვეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მაშინ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 12 თვითმმართველი ქალაქიდან დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს მხოლოდ ხუთი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი და ბათუმი ინარჩუნებს, ხოლო თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი აღნიშნულ სტატუსის გარეშე დარჩნენ.




























