მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა უცხოელი გიდისთვის სერტიფიცირება სავალდებულო იქნება”- კომიტეტმა "ტურიზმის შესახებ კანონს" მხარი დაუჭირა

გიდები

ტურიზმის შესახებ კანონპროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ტურიზმის შესახებ კანონთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ გიდების ასოციაციას. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც მათი მხრიდან ჟღერდებოდა იყო გიდებისთვის ქართული ენის ცოდნის ვალდებულების კანონში ჩაწერა.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ამბობს, კანონში აღნიშნული პუნქტის ჩაწერა არ მოხდა, მსგავსი ტიპის მოთხოვნების გაწერა სერტიფიცირებისთვის სავალდებულო მოთხოვნებში უნდა გაიწეროს. მისი თქმით, ერთ-ერთი ცვლილება რომელიც კანონში შევიდა ის არის, რომ ადგილობრივი გიდებისგან განსხვავებით სერტიფიცირება სავალდებულო იქნება უცხოელი გიდებისთვის.

“გიდებისთვის სერტიფიცირება არ არის სავალდებულო, ნებაყოფლობითია. სერტიფიცირების გამცემი ორგანო შეიძლება იყოს ასოციაციები, რომელიც აკრედიტაციას გაივლიან. აქედან გამომდინარე ასოციაციებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ის პირობები, რაც შესაბამისი კვალიფიკაციის გიდს უნდა ჰქონდეს აკრედიტაციის შემთხვევაში.

სერტიფიცირების შემდეგ არის განსაზღვრული სარგებლის პაკეტი სახელმწიფოსგან, რომლითაც სერტიფიცირებულ გიდებს შეუძლიათ ისარგებლონ. ეს არის სხვადასხვა უფასო შეღავათები სახელმწიფოს მხრიდან რაც გულისხმობს როგორც სახელმწიფო ობიექტებზე შესვლას, ასევე შესაძლებელი იქნება მომზადდეს სხვა მექანიზმებიც, რომელიც გიდებისთვის იქნება შეთავაზებული.

გიდების ასოციაციებმა მოგვმართეს ჩვენ, ამასთან დაკავშირებით რაც შესაძლებელი იყო გაკეთდა ის, რომ სავალდებულო იქნება სერტიფიცირება უცხოელი გიდებისთვის,”- ამბობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

ცნობისთვის: ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები BMG-სთან დარგში დაანონსებულ სხვა ცვლილებებსაც აფასებენ, რომლის მიხედვითაც ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც საქართველოს გარეთ ტურისტული მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს მოიცავს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა. ამასთან, იგივე ფინანსური გარანტიაა გათვალისწინებული იმ ტურაგენტებისთვისაც, რომელიც კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ყიდის ამ პაკეტს.

ტუროპერატორები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული მესამე პირის პასუხისმგებლობის ნაწილი ბიზნესს იმდენად დააზარალებს, რომ მათ, შესაძლოა ბაზრიდან გაქრობაც მოუწიოთ, რადგან კანონის მიღების შემთხვევაში ბიზნესი დაცული ვეღარ იქნება. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ დარგობრივი გაერთიანებები საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები