2025 წლის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც მიუნხენის "ალიანც არენაზე" შედგა, "პარის სენ-ჟერმენი" და "ინტერი" ერთმანეთს ევროპული დიდების მოპოვების გარდა რეკორდული საპრიზო თანხის მოსაპოვებლადაც ეჯიბრებოდნენ.
წელს ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული ცვლილება შევიდა — UEFA-მ ტურნირის ახალი ფორმატი დააწესა, კერძოდ ჯგუფური ეტაპი, ფაზის ეტაპით ჩაანაცვლა და თამაშებისა თუ გუნდების რაოდენობა გაზარდა. ამან გამოიწვია ის რომ მთლიანმა საპრიზო ფონდმა მნიშვნელოვნად მოიმატა გასულ სეზონთან შედარებით.
2024/25 წლების სეზონის ჯამური საპრიზო ფონდი $2.71 მილიარდს შეადგენს, რაც 520 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია წინა სეზონის $2.19 მილიარდთან შედარებით. ეს არის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის საპრიზო თანხა.
მთლიანობაში საპრიზო ფონდი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიხედვით შემდეგნაირად გაიცემოდა:
- €2.1 მილიონი თითოეულ გამარჯვებაზე (ფაზის ეტაპზე)
- €700 ათასი ფრესთვის (ფაზის ეტაპზე)
- €12.5 მილიონი მერვედფინალში გასვლისთვის
- €15 მილიონი მეოთხედფინალში გასვლისთვის
- €18.5 მილიონი ნახევარფინალისთვის
- €20.8 მილიონი ვიცე-ჩემპიონობისთვის
- €27.8 მილიონი ჩემპიონობისთვის
მთელი ტურნირის განმავლობაში ფინალურ მატჩამდე, როგორც "პსჟ"-ს, ისე "ინტერს" უკვე სოლიდური შემოსავლები ჰქონდათ მიღებული, კერძოდ "ინტერმა" 111 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო "პსჟ-მ" 103.5 მილიონი. ორივე ფინალისტი ერთადერთი იყვნენ, ვინც 2024-25 წლების სეზონში 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს.
უშუალოდ ფინალის შემდეგ შედეგი შემდეგგვარი გამოვიდა - "ინტერი" - $134,6 მილიონი, ხოლო "პსჟ" - $135 მილიონი.
დამატებითი შემოსავალი განპირობებულია უეფას შედეგებზე დამოკიდებული ფინანსური წახალისებითაც, რომელიც საერთო საპრიზო ფონდის 37.5%-ს — $1.03 მილიარდს შეადგენს.
გარდა ამისა, 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ანუ "პსჟ" მონაწილეობას მიიღებს 2025 წლის ფიფას ინტერკონტინენტურ თასზე, 2025 წლის უეფას სუპერთასზე, სადაც მისი მეტოქე ევროპა ლიგის გამარჯვებული "ტოტენჰემ ჰოთსპური" იქნება და 2029 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო თასზე, რაც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოიტანს.
რაც შეეხება ნახვებს, ჯერჯერობით დათვლილი არ არის, თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით წლევანდელი ლიგის ფინალის ნახვების რაოდენობა შარშანდელი ფინალის - მადრიდის "რეალისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" 145 მილიონიან მაჩვენებელს გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ "პარის სენ-ჟერმენი" გახდა პირველი ფრანგული კლუბი, რომელმაც ტრებლის შესრულება შეძლო, ხოლო ლუის ენრიკე მეორე მწვრთნელი პეპ გვარდიოლას შემდეგ, ვინც ეს მიღწევა ორი სხვადასხვა კლუბით ("ბარსელონა" და "პსჟ") დააფიქსირა.