მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერი კავშირშია არჩევნების მოგებასთან“ – შოთა ღვინერია USAID-საქართველოს კონტექსტში სუს–ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე

გგ

„ყველაფერი არის კავშირში ძალაუფლების შენარჩუნებასთან და არჩევნების მოგებასთან,“ – ასე უპასუხა ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსმა მკვლევარმა და NATO-ში საქართველოს მისიის ყოფილმა მრჩეველმა შოთა ღვინერიამ „ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – რა სიგნალია ხელისუფლების მხრიდან USAID-საქართველოს დაფინანსებულ პროექტებში ამბოხისა და რევოლუციის ელფერის ძიება.

შოთა ღვინერიას მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ არჩევანი რუსეთის გავლენის ველში ყოფნის სასარგებლოდ საბოლოოდ გააკეთა და დღეს ამის დამალვა ქართველი ხალხისთვის უკვე შეუძლებელია.

„მათი კვლევებიც ამას აჩვენებს – ამბობს შოთა ღვინერია „ანალიტიკასთან – და მათთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა იმ გზის დისკრედიტაციაა, რომლისკენაც ჩვენ [ქართველი ხალხი] მივდივართ და ჩვენი დატოვებაა რუსული ალტერნატივის პირისპირ“.

კითხვაზე – როგორ ეწერება USAID-საქართველოსთან დაკავშირებული კონსპირაცია ამ დიდ სურათში – EPRC-ის უფროსი მკვლევარი „ანალიტიკა“–ს ეუბნება, რომ USAID-საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა არჩევნების რეალური შეფასების წინასწარ დისკრედიტაციას ემსახურება.

შოთა ღვინერია“USAID-ის მიერ დაფინანსებული გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი დამკვირვებელთა მისიები, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ და შეაფასონ არჩევნები, რითაც რეალურად შევძლებთ შედეგების შეფასებას – ამის წინასწარ დისკრედიტაციას ახდენენ“ – ამბობს შოთა ღვინერია.

კვირის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებისა და ადგილობრივად რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის ახალგაზრდების გადამზადებისთვის გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

სუს-ის განცხადებით, ქვეყანაში რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის მოქალაქეების გადამზადებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ პირები, რომლებიც 29 სექტემბერს დაიკითხნენ.

USAID-ი საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. „USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და კანონის უზენაესობას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს მედეგად გაუმკლავდეს კრემლის გავლენას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ – ეს არის USAID-საქართველოს მისია.

ამ წლების განმავლობაში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებაც, რომელსაც ამერიკის გადასახადების გადამხდელები საქართველოსთვის აფინანსებენ და სადაც USAID-საქართველო დადებითი შედეგების მიღებაზე ზრუნავს: ეკონომიკური რეფორმების, კერძო ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა; დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იმისთვის, რომ უკეთ მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში; ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია მწვანე ენერგიის მხარდასაჭერად და ავტორიტარული სახელმწიფოებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად; დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ მდგრადობის გაზრდა და განათლებისა და პროფესიული უნარების გადამზადების სისტემების გაუმჯობესება ..

ეს მიმართულებები დღეის მდგომარეობით 39 პროგრამაზე ნაწილდება, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ თითქმის მილიარდი ლარია, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ ამერიკულ დოლარზე ანუ 187 მილიონ ლარზე მეტია. 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე, USAID-საქართველოს მეშვეობით, ამერიკელმა ხალხმა საქართველოს ჯამურად, ამ დროისთვის, 1.9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, რაც 5 მილიარდ ლარზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები