მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა შემოდგომაზე რიგით მეორე ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზედაც ახალი თაობის, შეიძლება ითქვას, რევოლუციური პროცესორები და ამ პროცესორებით აღჭურვილი კომპიუტერები წარმოადგინა.
ახალი თაობის პროცესორები - M3, M3 Pro და M3 Max
ამერიკული გიგანტის მთავარი სიახლე, ცხადია, თავად კომპანიის დიზაინით შექმნილი პროცესორების ახალ ხაზს უკავშირდება, საუბარია - M3-ზე, M3 Pro-სა და M3 Max-ზე, რომლებიც 3-ნანომეტრიან არქიტექტურას ეფუძნება. ეს ტექნოლოგია ახალია და ამ ეტაპზე, Apple-ი ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ამ არქიტექტურის მქონე ჩიპებს ქმნის. პირველად, როგორც ვიცით, 3-ნანომეტრიანი ჩიპი A17 Pro, Apple-მა iPhone 15-ის სერიაში წარმოადგინა.
აქვე, სადაც ამ ტექნოლოგიაზე დავიწყეთ საუბარი, ორიოდ სიტყვით გეტყვით, თუ რას ნიშნავს 3-ნანომეტრიანი არქიტექტურა და რატომ ითვლება ის რევოლუციურად. საქმე ისაა, რომ 3 ნანომეტრი პროცესორზე არსებული ტრანზისტორის ზომაა, ხოლო სწორედ ტრანზისტორი განაპირობებს პროცესორის სიმძლავრეს. მარტივად რომ გითხრათ, რაც უფრო მცირე ზომისაა ტრანზისტორი, მით უფრო მეტი ტრანზისტორი ეტევა მიკროჩიპზე და, შესაბამისად, ის უფრო სწრაფი და ეფექტიანი ხდება და თან, ნაკლებ ენერგიას საჭიროებს.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც Apple-ის მიერ გამოშვებულ უახლეს პროცესორებს უკავშირდება ისაა, რომ ახალი თაობის პროცესორებს უფრო სწრაფი და ეფექტიანი გრაფიკული პროცესი, იგივე GPU აქვს, რაც კომპანიას სინათლის სხივის რეალისტური ტექნოლოგიის, იგივე Ray Tracing-ის, რთული გეომეტრიის გამარტივებაზე პასუხისმგებელი ტექნოლოგიის, იგივე Mesh Shading-ისა და მეხსიერების ეფექტიანობის გაზრდაზე პასუხისმგებელი Dynamic Caching-ის ტექნოლოგიის დანერგვის საშუალებას აძლევს. თითოეული ზემოხსენებული ფუნქციის გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ შეიძლება და ეს ქოლგა - ვიდეოთამაშებია. კი, ამერიკული გიგანტი სწორედ ამ, შეიძლება ითქვას, მისთვის არატრადიციული ინდუსტრიის ათვისებას იწყებს, რაც ჯერ კიდევ iPhone 15-ის Pro-სერიის სმარტფონებში გამოჩნდა.
ახალი თაობის iMac
ამერიკული გიგანტის მიერ დაანონსებული კიდევ ერთი პროდუქტი - 24-ინჩიანი iMac-ია, რომელიც M3-პროცესორით, 4.5K Retina დისპლეით, მე-6 თაობის Wi-Fi-ის კოდეკითა და 1080p-გაფართოების მქონე კამერითაა აღჭურვილი. თავად კომპიუტერი ხელმისაწვდომია შვიდ ფერში, ესენია: მწვანე, ყვითელი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ცისფერი და ვერცხლისფერი.
ახალი თაობის iMac-ის წინასწარი გაყიდვა უკვე დაიწყო - კომპიუტერის საწყისი ფასი კი, $1,299-ია.
ახალი თაობის MacBook-ები
პერსონალურ კომპიუტერთან ერთად, Apple-მა ახალი თაობის ლეპტოპებიც წარმოადგინა. საუბარია 14-ინჩიან და 16-ინჩიან MacBook Pro-ებზე, რომლებიც M3 Pro და M3 Max ჩიპსეტით იქნება აღჭურვილი. ორივე ლეპტოპს აქვს Mini LED დისპლეი, 1080p-გაფართოების მქონე კამერა, ექვსი დინამიკი და ბატარეა, რომელიც მაქსიმუმ 22 საათს ძლებს.
ახალი თაობის iMac-ის წინასწარი გაყიდვა უკვე დაიწყო - M3 Pro-ტიპის ჩიპის მქონე ლეპტოპის საწყისი ფასი $1,999-ია, M3 Max-ტიპის ჩიპის მქონე ლეპტოპის ფასი კი, $2,499-იდან იწყება.
აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ წელს, Apple-მა ბიუჯეტური ლეპტოპიც წარმოადინა. საუბარია 14-ინჩიან MacBook Pro-ზე, რომელიც მისი უფრო მძლავრი და, შესაბამისად, უფრო ძვირად ღირებული ანალოგებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი M3-ტიპის პროცესორითაა აღჭურვილი. საინტერესოა, რომ ახალი თაობის MacBook-ებში ვეღარ ვხვდებით Touch Bar-ს, რომელიც Apple-ის ერთგვარ ჩაფლავებულ პროექტად ითვლება ენთუზიასტებს შორის.
ბიუჯეტური MacBook Pro-ს წინასწარი გაყიდვა უკვე დაწყებულია - კომპიუტერის საწყისი ფასი კი, $1,599-ია.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.