დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოს 16-დან 17 ათასამდე საწოლი აქვს, საიდანაც კოვიდისთვის 8 000-მდე საწოლია მობილიზებული. გარდა ამისა ქვეყანაში არის საწოლები, რომელსაც ვერ შეეხები და ვერ გადააკეთებ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჟურნალისტების მიერ საველე ჰოსპიტლების აუცილებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, დღეისთვის ყოველგვარი გეგმიური სამედიცინო მომსახურება შეჩერებულია და საწოლფონდის მაქსიმალური მობილიზება მიმდინარეობს.
„ყოველდღიურად, როდესაც 5000 შემთხვევა გვაქვს, იქიდან საავადმყოფო დახმარება 5-10 ან შეიძლება 12%-ს მაინც სჭირდებოდეს. მართალია ე.წ. გაწერის ინტენსიურობა მეტია, მაგრამ დატვირთვა სერიოზულია. ახლა დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ განიხილება ყველა ვარიანტი და დღესაც იყო ამაზე მსჯელობა. განიხილება ყველა ვარიანტი დაწყებული საველე ჰოსპიტლებიდან ან კიდევ სხვა - საველე ჰოსპიტლები დიდ სივრცეებში, სადაც შედარებით ნაკლები პერსონალით შეიძლება დიდი რაოდენობა ადამიანების მომსახურება ისევე, როგორც სამხედრო ექიმების და სამხედრო სამსახურის ჩართვა და კიდევ სხვა ვერსიები იმიტომ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა. ყველა ვერსია, მათ შორის, უარესი ვერსიებიც განიხილება“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.