საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მთავრობისთვის მისაღებ ტემპს არათუ ჩამორჩეს, არამედ ეკონომიკის სამინისტრო იყოს „დრაივერი“ ამ თვალსაზრისით.
ასე უპასუხა ნათია თურნავამ “Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ჟუნალისტის კითხვას - როგორ ფიქრობს, რამდენი თვე ან წელი იქნება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე.
„მე ვხედავ ამოცანებს, რომელიც მაქვს მისაღწევი და მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მთავრობისთვის მისაღებ ტემპს არათუ არ ჩამოვრჩე, არამედ ჩვენი სამინისტრი იყო სანიმუშო და იყოს „დრაივერი“ ამ თვალსაზრისით. მაქვს ამბიცია, რომ ბოლომდე მივიყვან ყველა ამ გეგმას“, - განაცხადა მინისტრმა.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე - რა ვადები სჭირდება თურნავას ამისთვის, მინისტრმა განაცხადა, რომ „სხვადასხვა გეგმას აქვს სხვადასხვა ვადა“.
„სხვათა შორის ეს კონკრეტული დარგობრივი სტრატეგიები და ქვედარგობრივი სტრატეგიები კონკრეტული სააგენტოს მიხედვით იქნება ჩვენ მიერ გადახედილი. ეს გეგმები გაწერილი იყო, მაგრამ იქნება განახლებული, ყველა გეგმას ეყოლება თავისი პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს კონკრეტულად ამ გეგმის შესრულებაზე და მათ შორის მეც ყველა ამ გეგმაზე ვიქნები პასუხისმგებელი პირადად“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: ნათია თურნავას თქმით, მთავრობისთვის ახლა მთავარი გამოწვევა არის ის 800 ათასი ადამიანი, ვინც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა.
„ეს იქნება რაოდენობრივი პარამეტრი, რომლითაც თქვენ და მთელი საზოგადოება გაზომავს ჩვენს ეფექტურობას. ჩვენ მაქსიმალურად, უახლოეს სამ წელიწადში ეს რიცხვი უნდა შევამციროთ. ეს მოხდება 5%-იანი ზრდის პირობებში თუ 7%-იანი ზრდის პირობებში, ამას გვიჩვენებს ჩვენი სწრაფი ნაბიჯები, ამას გვიჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ჩვენი განახლებული დინამიკა. მთავარი ჩვენი სამიზნე არის ის 800 ათასი ადამიანი, რომელიც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენ უნდა მოვახმაროთ ეკონომიკური ზრდა ამ ადამიანთა რიცხვის მინიმიზაციას. ანუ ხარისხობრივ მაჩვენებელზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და არა - რაოდენობრივზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება იმას, მინისტრად დანიშვნამდე შეხვდა თუ არა თურნავა „ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილმა, მან განაცხადა, რომ მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც მას წლებია იცნობს.
„ბოლო 10 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და მათ შორის ერთად მოგვიწია მუშაობა; საქმიდან მიცნობს, ჩემი საქმიანი თვისებები იცის. რასაკვირველია, ჩვენ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან პოლიტიკურ გუნდში ვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, იმიტომ რომ ეკონომიკური პოლიტიკა ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის სტრატეგიის დიდი ნაწილი და ეს გუნდურად წყდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

























