„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „GAZPROM“-თან დაკავშირებული საკითხი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდეს“-ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები, სატრანზიტო პოტენციალი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გადის. ამიტომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის, შესაძლებლობების უგულვებელყოფა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ მათ შორის „გაზპრომთან“ დაკავშირებული საკითხი იყოს ზუსტად საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“-განმარტა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია.
სწორედ აღნიშნულ კონტაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.

























