მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წამლებზე ფასების ხელოვნური მატება აღიკვეთოს“ - გაბუნია

63f72fab06d95
ინგა მურუსიძე
23.02.23 13:41
542
კონკურენციის სააგენტომ თურქულ მედიკამენტებზე ფასების შესაძლო ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, - შესაბამისი განცხადება კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა. ხოლო მანამდე, საკითხზე განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროს მსგავს დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დარღვევები აღიკვეთოს.

„გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მიზანი გახლდათ ის, რომ გატარებული რეფორმების შედეგად მიგვეღწია მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის ფასების შემცირების კუთხით. ამისთვის, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტებისთვის შეიქმნა განსაკუთრებული პირობები, რომ რეგისტრაციის მექანიზმი, ასევე ბაზარზე ხელმისაწვდომობა ყოფილიყო მარტივი. ასევე ეს ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს რჩება პირველად მიზნად და ჩვენი ღრმა რწმენით, ფარმაცევტული სექტორის მთავარი მიზანი და დატვირთვა არის ასევე ის, რომ მათ უზრუნველყონ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტი ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ სტრატეგიულად ერთი და იგივე მიზანი გვაქვს.

ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფარმაცევტულ დაწესებულებებში თურქეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა. ჩვენი შეფასებით ეს არის ფასების ხელოვნური ზრდა, რადგან ამ პირობებში სხვა განმარტება ამ ზრდას რეალურად არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები ყველანაირად აღვკვეთოთ. ჯანდაცვის სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, პარტნიორებთან თანამშრომლობას, ასევე სხვა უწყებებთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, ფასების ხელოვნური მატება, ხელოვნურად დარღვეული კონკურენციის წესების პრობლემა აღიკვეთოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები