მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა 2025 წელს ინტერნეტიზაციის პროექტი დავასრულოთ - „ოუფენ ნეტი“

მარიამ სულაბერიძე

საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log in Georgia-s განმახორციელებელი სახელმწიფო კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორი მარიამ სულაბერიძე იმედოვნებს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.

ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ „ოუფენ ნეტი“ პროგრამის შემაფერხებელი გარემოებების შესამცირებლად მაქსიმუმს აკეთებს.

"პროექტების უმეტესობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის, თუმცა როგორც ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, ჩვენს პროექტსაც გარკვეული შეფერხება ახასიათებს; ძირითადი მიზეზებია რთული რელიეფი, მეტეოროლოგიური პრობლემები, მკაცრი ზამთარი; ასევე, გამოწვევაა კვალიფიციური სამშენებლო კომპანიების სიმცირე, რომელთაც მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამოცდილება აქვთ და ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ჩვენ აქტიურ შეხვედრებს ვმართავთ დარგობრივ ასოციაციებთან, რათა პროექტით მეტი კვალიფიციური სამშენებლო კომპანია დავაინტერესოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, პროგრესი ხელშესახებია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შემაფერხებელი გარემოებები მინიმუმამდე დავიყვანოთ და 2025 წლის ბოლოსთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა დავასრულოთ “, - ამბობს მარიამ სულაბერიძე.

ოზურგეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქობულეთი-ხელვაჩაური და სამტრედია- ჩოხატაური - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log in Georgia-s ფარგლებში, 2020-2023 წლებში 800 კმ-ზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა უკვე დასრულდა.

რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, წელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი უნდა აშენდეს შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში - სულ 1200 კმ. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 50 მლნ ლარია.

Log-in Georgia-ს ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500,000 ადამიანმა უნდა მიიღოს. Log-in Georgia-ს ინფრასტრუქტურული ნაწილის ჯამური ბიუჯეტი 67 მლნ ევროა და პროექტი მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო რესურსით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები