ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დიდ ქალაქებში შეზღუდვების დაწესებაზე უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს ამ ეტაპზე არ უმსჯელია.
როგორც მან „სინოფარმის“ 100 000 დოზის შემოტანასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ინფექციის გავრცელების გამო შეზღუდვები კვლავ არ დაწესდეს".
„ამ ეტაპისთვის საბჭოს შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით არ უმსჯელია, თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ეპიდკვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ, შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ინფექციის ის გაზრდილი რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა“, - აღნიშნა მინისტრმა.




























