მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველას აზრი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენების" - კობახიძე

სხდომა

"რეალურად ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები", - ასე პასუხობს "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიის კითხვას იმ ბიზნესმენების განცხადებების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში რთულ ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ვალუტის გაუფასურებას პროგნოზირებენ.

როგორც კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, მიუხედავად ბიზნესმენთა ნეგატიური მოლოდინებისა, საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს.

"ისინი ასე ლაპარაკობენ უკვე წლებია. 2020 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით, ისინი საუბრობენ ასეთ ტონალობაში, მუდმივად საუბრობენ რისკებზე, პრობლემურ განვითარებაზე... საბოლოო ჯამში, ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა და თქვენ ხედავთ, რომ ამ განცხადებების ფონზე, ჩვენ შევძელით, და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით.

მაშინაც ეს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები, მათ შორის ბიზნესმენები, მოასწავებდნენ ათას უბედურებას ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, რადიკალების პროგნოზები არასდროს მართლდებოდა და ჩვენი ქვეყანა განაგრძობდა ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენი მიზანი შემდეგი 4 წლისთვის არის ასევე 40 მილიარდი ლარით ქვეყნის ეკონომიკის გაზრდა. 2028 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს მინიმუმ 130 მილიარდი ლარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

BMG-ის კითხვაზე, ვინ არიან ის ბიზნესმენები, რომლებსაც "ქართული ოცნება" რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებად არ მიიჩნევს და მათ აზრს გაითვალისწინებს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის შესახებ, კობახიძე აცხადებს, რომ "რადიკალი ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენების აზრიც გასათვალისწინებელია".

"ყველას აზრი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისაც, თუ ეს აზრი ეხება ბიზნესს. თუ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს და ნაცების და ბიზნესრეკეტის დაბრუნება, მაშინ ამას ვერ გავითვალისწინებთ, მაგრამ სადაც ისინი საუბრობენ ობიექტურად, ბიზნესის ინტერესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათი საუბარიც უნდა გავითვალისწინოთ.

ჩვენ ყველას მთავრობა ვართ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისაც, ამიტომ მათი აზრიც უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ არა მათი პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ მსჯელობა, რომელიც უკავშირდება ბიზნესის ინტერესებს. მოვიდნენ, ისაუბრონ იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და კი ბატონო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები