"თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ბიზნესასოციაციაში შეხვედრა გაიმართა.
"ეს არია უკვე მესამე მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა განხორციელდეს. პირველი იყო 90-იან წლებში, მეორე მცდელობა იყო 2011 წელს და მესამე - ახლაა. ვფიქრობ ეს არის რეფორმა, რომელიც მომგებიანი და კარგი იქნება ამ სქემაში ჩართული მხარეებისთვის", - განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, "საქართველოს ბინზეს ასოციაციის" წარმომადგენლებმა დღესაც დააყენეს 7 სხვადასხვა შენიშვნა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის მათი გათვალისწინების მზაობა.
"ის, რომ ამ რეფომასთან დაკავშირებით განხილვის პროცესი ტრანსფარენტულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, შენიშვნები შეეხება საინვესტიციო საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესს და საკითხს თუ როგორ მოხდება თანხების განკარგვა.
"მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ იყოს ამ რეფორმაში ჩართული ბიზნესმენი თუ არაბიზნესმენი", - განაცხადა ფხაკაძემ.
"ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ქვეყნის შიგნით, თუმცა საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება საინვესტიციო საბჭოზე და თუ ქვეყანაში ამოიწურება ის აქტივები, სადაც შესაძლებელი იქნება თანხების ინვესტირება, შეიძლება თანხის გარკვეული ნაწილი განთავსდეს უცხოეთში სხვადასხვა ფონდებსა და აქციებში", - განაცხადა ფხაკაძემ იმ კითხვის საპასუხოდ თუ სად უნდა მოხდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ინვესტირება.
კითხვაზე, დამსაქმებლის მხრიდან 2%-იანი შენატანის ვალდებულება საპენსიო ფონდში, ხომ არ აისახება დასაქმებულების ხელფასზე, ფხაკაძის განცხადებით, ეს თანხა დაბეგვრას არ ექვემდებარება და ხარჯი 1.6% გამოდის.
"ეს გარკვეულწილად სოციალური პასუხისმგებლობაცაა. თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში", - განაცხადა ფხაკაძემ.

























