გაეროს, ოსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევითი ცენტრისა და Gallup-ის საერთო ანგარიშის - World Happiness Report - თანახმად, 147 ქვეყნიდან, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 91-ე ადგილზეა. მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად კი ფინეთი დასახელდა.
საქართველო
მსოფლიო ბედნიერების 2025 წლის ანგარიშით, საქართველოს პოზიცია უცვლელი, 91-ე ადგილია. საქართველოს მსგავსი შეფასება აქვთ ტაჯიკეთს (90-ე ადგილი), ნეპალს (92-ე ადგილი), ლაოსს (93-ე), თურქეთსა (94-ე) და სამხრეთ აფრიკას (95-ე ადგილი).
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში წამყვან პოზიციებს სკანდინავიის ქვეყნები ინაწილებენ. ათეული კი ასე გამოიყურება:
- ფინეთი
- დანია
- ისლანდია
- შვედეთი
- ნიდერლანდები
- კოსტა-რიკა
- ნორვეგია
- ისრაელი
- ლუქსემბურგი
- მექსიკა
ამერიკის შეერთებული შტატები
წლევანდელ რეიტინგში შეერთებული შტატები 24-ე ადგილზე მოხვდა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აშშ-მა საუკეთესო შედეგი 2012 წელს დააფიქსირა და მე-11 პოზიცია დაიკავა.
რაც შეეხებათ ქვეყნებს, სადაც ბედნიერების სუბიექტური აღქმა ყველაზე დაბალია, ათეული ასე გამოიყურება:
10. ლესოთო
9. კომორის კუნძულები
8. იემენი
7. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
6. ბოტსვანა
5. ზიმბაბვე
4. მალავი
3. ლიბანი
2. სიერა-ლეონე
1. ავღანეთი
როგორ იზომება ბედნიერება?
თავად ბედნიერება, ისევე როგორც World Happiness Report-ის შეფასება, ქვეყნების მიერ ბედნიერების სუბიექტურ აღქმას ეფუძნება. ანგარიშში 147 სახელმწიფოს მოსახლეობის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობის შეფასებაა განხილული.
კერძოდ, გაეროს მდგრადი განვითარების ქსელსა და ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კომპანია Gallup-მა გასული 3 წლის მოკვლევა ჩაატარა, შეგროვებული მონაცემები კი ეკონომიკის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის დარგის ექსპერტებს გაუგზავნა და მათზე დაყრდნობით შეფასების შედგენა დაავალა. შეფასება ქვეყნის საშუალო შემოსავალს, ჯანმრთელი ცხოვრების ხანგრძლივობას, სოციალურ მხარდაჭერას, არჩევანის თავისუფლების, კეთილშობილებისა და კორუფციისგან თავისუფლების სუბიექტურ აღქმას ეფუძნება.




























