მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე "ჭარბვალიანი" კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია - 1 მლნ ლარის ვალი 3 თვეში უნდა დაფაროს

5bd5b2cdeed85
თელარა გელანტია
28.10.18 16:57
3343
დღეს საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით ბოლოჯერ პრეზიდენტს აირჩევენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე თვეა აქტუალურია ფიზკური პირების და ზოგადად, ქვეყნის ჭარბვალიანობის საკითხი, ამიტომ საარჩევნო დღეს BM.ge პრეზიდენტობის კანდიდატების ფინანსური ვალდებულებებით დაინტერესდა.

მართალია, საქართველოს პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძვის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მათ უმრავლესობას ფინანსური დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ აქვს, BM.ge-მ რამდენიმე კანდიდატი გამოყო, თან ის კანდიდატები, რომელთაც სხვადასხვა სოციალური კვლევებით პრეზიდენტობის მეტნაკლებად მეტი შანსი აქვთ.

სალომე ზურაბიშვილი

სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მას 2018 წლის იანვარში აქვს შევსებული, სალომე ზურაბიშვილს სასესხო ვალდებულება არ უფიქსირდება;

თუმცა როგორც ცნობილია, „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, 1 ოქტომბერს ბანკ „ქართუსგან“ 1 მლნ ლარი ისესხა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სალომე ზურაბიშვილი ერთადერთია, ვინც საბანკო სესხით ისარგებლა. „ქართუსგან“ 10%-ში ნასესხები 1 მლნ ლარის სესხი ზურაბიშვილმა სამ თვეში უნდა დაფაროს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს და ამ თანხით საპრეზიდენტო კანდიდატს შეუძლია არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯები დაფაროს.

როგორც ჩანს, ამის იმედი აქვს თავად ზურაბიშვილსაც:

„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10%-ს კი არა, 70%-ს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10%“,- აცხადებდა სალომე ზურაბიშვილი.

გრიგოლ ვაშაძე
„გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძე ფინანსური დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს აქვს შევსებული ანუ მაშინ, როცა საქართველოს საგარეო მინისტრის პოსტი ეკავა. იმდროინდელი დეკლარაციის მიხედვით, მაშინ გრიგოლ ვაშაძეს სესხი არ ჰქონდა.

დავით ბაქრაძე

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს ბოლოს ფინანსური დეკლარაცია 2018 წლის გაზაფხულზე აქვს შევსებული და ბანკის ვალი არც მას აქვს.

ზურაბ ჯაფარიძე

ბანკის ვალი არც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს აქვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დეკლარაცია ჯაფარიძეს 2016 წელს აქვს შევსებული ანუ მაშინ, როცა პარლამენტის წევრი იყო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ ბანკისგან“ სესხი აიღო, მისთვის მიბაძვა ჯაფარიძემაც გადწყვიტა და „ქართუს“ ესტუმრა. „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბანკში განაცხადი 10 ოქტომბერს დატოვა, მაგრამ როგორც ცნობილია, სესხი არ აუღია.

დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით უსუფაშვილსაც ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, სესხი მაშინ არ ჰქონდა.

შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს პარლამენტის წევრის სტატუსით აქვს შევსებული, საიდანაც ირკვევა, რომ 6 წლის წინ ნათელაშვილს ბანკის ვალი არ ჰქონდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები