მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაზე დიდი სისუსტე ₾2-მილიონიანი ჩამკეტია"-აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პლუსები და მინუსები|ანალიზი

გელა ხანიშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, აგრობიზნესმენი გელა ხანიშვილი ახალ “აგროთადანაფინანსების სახელმწიფო პროგრამას” სტრუქტურულად უფრო ევროპულ და მოწესრიგებულ მოდელად მიიჩნევს, რომელიც დარგობრივ სტანდარტებს მკაცრად განსაზღვრავს, თუმცა აკრიტიკებს ახალი მოდელის პოსტ-დაფინანსების მექანიზმსა და ₾2-მილიონიან ლიმიტს.

მისი აზრით, სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პირობები ფერმერებს ფინანსებზე წვდომას გაუძვირებს, ხელს შეუშლის აგრობიზნესის აუცილებელ გამსხვილებას და შესაძლოა, ბანკების მხრიდან სოფლის მეურნეობის დაკრედიტება გართულდეს.

აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაზე, რომლის მიზანია, საქართველოში პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდის ხელშეწყობა და აგროსექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერა გელა ხანიშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ისაუბრა და საკუთარი პოზიცია, ახალი მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვრცლად გააზიარა.

ცნობისთვის: პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის აქამდე არსებული მოდელი. „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამამ“, ფაქტობრივად, ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა და ჩაანაცვლა მანამდე არსებული რამდენიმე პროექტი. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ის არის, რომ ბანკი აღარ იქნება პირველი „ფილტრი“. აქამდე თუ სახელმწიფო თავის მიერვე პრიორიტეტულად მიჩნეულ სექტორებში ბანკის მიერ გაცემული სესხის პროცენტს უსუბსიდირებდა მსურველს, ახლა პირველ გადაწყვეტილებას თავად სახელმწიფო, კერძოდ კი - სოფლის განვითარების სააგენტო მიიღებს. ის თავად შეაფასებს პროექტს, თანხა კი მხოლოდ განხორციელებული და დადასტურებული ინვესტიციის შემდეგ გაიცემა. სიახლეა ისიც, რომ თუ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძველი მოდელი სესხის 11%-იან სუბსიდირებას ითვალისწინებდა 48 თვის განმავლობაში, ახალი პირობით, ეს მაჩვენებელი 8%-მდე მცირდება, ვადიანობა კი - 36 თვემდე. გარდა ამისა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 2 მილიონი ლარით განისაზღვრა. გამონაკლისია მხოლოდ მერძევეობის მიმართულება.

ერთიანი პრინციპი და ევროპული მიდგომა: პროგრამის მთავარი პლუსები

გელა ხანიშვილის შეფასებით, 86-გვერდიანი დანართი, რომელიც “აგროთადანაფინანსების სახელმწიფო პროგრამას” დადგენილებას ერთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია სტრუქტურული თვალსაზრისით. მისი თქმით, აქამდე სექტორში თითქმის 20-მდე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებდა (მაგალითად, თხილის მხარდაჭერის, კოოპერატივების, სხვადასხვა აგრომიმართულებები), რაც ფერმერებისთვის ნამდვილ ლაბირინთს წარმოადგენდა და მათ ორიენტაციასა და საქმისწარმოებას საგრძნობლად ართულებდა.

“აგროდაფინანსების ეს პროგრამა ბევრად უფრო ევროპულია, ბევრად უფრო მიახლოებულია ევროპულ მოდელთან, ვიდრე იყო ის ცალკეული პროგრამები. ევროპულობა დავინახე სწორედ იმ მიდგომაში, როდესაც ჩვენ მარტივი, ერთი და იგივე პრინციპით ვუდგებით ყველა დარგის განვითარებას”, - აღნიშნა მან.

ახალი მოდელით, მიუხედავად იმისა, რომ დარგები (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, აკვაკულტურა, მრავალწლიანი კულტურები და სხვა) ისევ განცალკევებულია, დაფინანსებისა და შეფასების პრინციპი ყველგან ერთიანი და სინქრონიზებულია.

მკაცრად გაწერილი დარგობრივი სტანდარტები

გელა ხანიშვილისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა პროგრამის ახალი დანართები, სადაც მკაფიოდ და დეტალურად არის გაწერილი ტექნიკური პარამეტრები. მისი თქმით, წარსულში სახელმწიფო ხშირად აფინანსებდა მაცივრებს, გადამმუშავებელ საწარმოებსა თუ ფერმებს ისე, რომ კონკრეტული სტანდარტები არ არსებობდა, რაც პროექტის წარმატებას მთლიანად ბიზნესმენის კეთილსინდისიერებასა და ცოდნაზე დამოკიდებულს ხდიდა.

ახალ დოკუმენტაციაში გაწერილია ყველაფერი: ფერმის ზომა, ჭერის სიმაღლე და ა.შ. გელა ხანიშვილის აზრით, ეს გამორიცხავს უხარისხო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. “მაგალითად, ვეღარავინ ააშენებს მეტრნახევრიანი ჭერის მქონე საქონლის სადგომს, სადაც პირუტყვი ჰაერის უკმარისობის გამო ზიანდებოდა. გარდა ამისა, პროგრამაში ბევრად უფრო სრულყოფილად გაჩნდა აკვაკულტურის მიმართულებაც…”, - დასძინა მან.

ბიუროკრატიული რისკები და სოფლის განვითარების სააგენტოს როლი

“წერტილის” წამყვანის კითხვაზე - სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან პროექტების წინასწარი შესწავლის ვალდებულება ხომ არ გამოიწვევს სუბიექტურობასა და კორუფციულ რისკებს, გელა ხანიშვილი პასუხობს, რომ ეს გამორიცხულია, რადგან ექსპერტები პროექტებს მკაცრად განსაზღვრული, ობიექტური ინდიკატორებით შეაფასებენ და ბიზნესგეგმა ზუსტად დანართის კრიტერიუმებს უნდა მოერგოს.

თუმცა ყოფილი მოადგილე ხედავს სხვა სერიოზულ რისკს – ბიუროკრატიულ და ადამიანური რესურსების დეფიციტს. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მაღალკვალიფიციური გუნდი და გამოცდილი ხელმძღვანელი ჰყავს, გელა ხანიშვილის თქმით, გაზრდილი ფუნქციები მოითხოვს კადრების დაუყოვნებლივ დამატებას. “ბიზნესგეგმების შეფასება კომპლექსური პროცესია, რომელიც დარგობრივ ექსპერტიზას საჭიროებს”, - ამბობს ის.

ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუარესება: კალკულაცია ატმის ბაღის მაგალითზე

აგროთანადაფინანსების ახალი მოდელით, სახელმწიფო ფულს წინასწარ ან პროექტის მიმდინარეობისას აღარ გასცემს. ბენეფიციარმა ჯერ საკუთარი ან საბანკო რესურსით უნდა ააშენოს/გააშენოს ობიექტი, აჩვენოს შედეგი და მხოლოდ აუდიტის დასკვნის შემდეგ მიიღებს თანადაფინანსებას (მაქსიმუმ 2 მილიონ ლარს).

გელა ხანიშვილი რიცხვებზე დაყრდნობით, კონკრეტული მაგალითის მოშველიებით, ამტკიცებს, რომ ახალი მოდელი ფერმერებს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაურთულებს და გაუძვირებს. მან საკუთარი, 18-ჰექტარიანი ატმის ბაღის მაგალითზე (რომლის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი ლარია) მარტივი შედარება წარმოადგინა:

კომპონენტები

ძველი მოდელი (აგროკრედიტი + გრანტი)

ახალი მოდელი (პოსტ-დაფინანსება)

საჭირო სესხის მოცულობა

3 200 000 ლარი (რადგან 800 000 ლარი გრანტი იყო)

4 000 000 ლარი (სრულად ფერმერმა უნდა აიღოს)

საპროცენტო განაკვეთი

14.5% - 15% (საიდანაც 11%-ს სახელმწიფო სუბსიდირებდა)

ფერმერი სრულად იხდის 14.5%-ს სახელმწიფოს დადასტურებამდე

ჯამური დანახარჯი (5.5 წელი)

ფერმერი ბანკში აბრუნებს დაახლოებით 3 800 000 ლარს

ფერმერი ბანკში აბრუნებს 1 300 000 ლარით მეტს

გელა ხანიშვილის განმარტებითვე, ვინაიდან ხეხილი მსხმოიარობაში მინიმუმ 5 წელიწად-ნახევარი (66 თვე) არ შედის, ამ პერიოდში ძველი მოდელით სახელმწიფო ფერმერს პროცენტის სუბსიდირებით ტვირთს უმსუბუქებდა. ახალი მოდელით კი, სახელმწიფო თანადაფინანსება (რომელიც ადრე ჯამურად 42-43%-ს შეადგენდა) ფაქტობრივად ნახევრდება.

“შესაბამისად, ბანკებისთვისაც იზრდება რისკი, რადგან მათ არ აქვთ გარანტია, დაუდასტურებს თუ არა სახელმწიფო ბენეფიციარს გრანტს სამუშაოების დასრულების შემდეგ”, - თქვა მან.

₾2-მილიონიანი “ჩამკეტი” - ბარიერი ბიზნესის გამსხვილებისთვის

პროგრამის ყველაზე დიდ სისუსტედ გელა ხანიშვილი მიიჩნევს ფინანსურ ლიმიტს - მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის გაცემას, მიუხედავად პროექტის მასშტაბისა (იქნება ეს 5, 10 თუ 20-მილიონიანი ინვესტიცია).

მისი თქმით, 2012-2013 წლებში, როდესაც სოფლის განვითარების სააგენტო იქმნებოდა, მიზანი სექტორისთვის პირველადი ბიძგის მიცემა იყო. დღეს კი ქართულმა სოფლის მეურნეობამ ეს ეტაპი გაიარა - ქვეყანას უკვე აქვს 1.8 მილიარდი დოლარის აგროექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარგი ბიზნესად იქცა.

„ამ პროექტის ყველაზე დიდი სისუსტე - დანარჩენს კიდევ მოევლება მეტ-ნაკლებად - არის ეს 2-მილიონიანი ჩამკეტი. იქ სხვადასხვა ჩამკეტებიც არის, მაგრამ იმას თავი გავანებოთ. მე ასე ვამბობ, ყოველ შემთხვევაში: დღეს სოფლის მეურნეობა უნდა გადავიდეს ბიზნესსოფლის მეურნეობაზე. ბიზნესს კი განვითარებისთვის სჭირდება კონსოლიდაცია და გამსხვილება. მცირე, დანაწევრებული გლეხური მეურნეობები ვერ შეძლებენ პროდუქციის სტანდარტიზაციას, ერთობლივ ბრენდირებასა და საექსპორტო ბაზრებზე სტაბილურ დამკვიდრებას… 2-მილიონიანი ლიმიტი კი, ბიზნესს აიძულებს ხელოვნურად დაიშალოს რამდენიმე კომპანიად, რაც დროსა და რესურსს აკარგვინებს”, - აცხადებს ის.

გელა ხანიშვილი პასუხობს იმ კრიტიკასაც, რომ სახელმწიფო პროგრამებით ხშირად ისედაც მდიდარი ბიზნესმენები სარგებლობდნენ და შესაძლოა, მთავრობამ ₾2-მილიონიანი ლიმიტი ამიტომაც შემოიღო.

„უნდა გადავწყვიტოთ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. ჩვენი მიზანი დამოუკიდებელი, თავისუფალი და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყანაა და არა ხელოვნურად, სოციალურად გათანაბრებული საზოგადოება. რეალურ სოციალურ თანასწორობას მხოლოდ ძლიერი და ჯანსაღი ეკონომიკა ქმნის. ამის საუკეთესო მაგალითი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებია - ნორვეგია თუ ფინეთი, სადაც მძლავრი ეკონომიკური სისტემა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და სოციალურ დაცვას განაპირობებს. წვრილი მეურნეობები, სამწუხაროდ, ამას ვერ უზრუნველყოფენ. შეუძლებელია, ერთ და ასჰექტარიანი მიწის მფლობელებს ერთნაირი შემოსავალი ჰქონდეთ. თუ ბიზნესსა და მოგებაზე ვართ ორიენტირებულები, უნდა გვესმოდეს, რომ წარმატების ერთადერთი გზა გამსხვილებაა”, - აცხადებს მინისტრის ყოფილი მოადგილე.

მისი აზრით, პირველი ცვლილება, რისი გაკეთებაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრაქტიკაში მოუწევს, სწორედ ამ ₾2-მილიონიანი ზედა ზღვრის მოხსნაა, რათა დარგს განვითარების საშუალება მიეცეს.

"წერტილი უნდა დაესვას არაკომპეტენტურობას"

ინტერვიუს დასასრულს, კითხვაზე, თუ რას უნდა დაესვას წერტილი ქართულ სოფლის მეურნეობაში, გელა ხანიშვილმა თქვა, რომ მთავარი პრობლემა ცოდნისა და აღრიცხვიანობის დეფიციტია.

გელა ხანიშვილის მთავარი გზავნილია, რომ ქართული აგროსექტორი საბოლოოდ უნდა გადავიდეს ცოდნაზე დაფუძნებულ, მსხვილ და მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესმოდელზე.

„კანონმდებლობა საქართველოში არის იდეალურთან მიახლოებული — საგადასახადოს ვგულისხმობ. ასეთ მსუბუქ საგადასახადო ტვირთს ძალიან ბევრი ქვეყანა ინატრებდა. უფრო მეტსაც გეტყვით: სოფლის მეურნეობაში ჩვენ გვაქვს შეღავათებიც და გვაქვს გრანტებიც. აი, ეს გრანტები ევროპაში სადაც მუშაობს, იქ ფერმერები გადასახადებს მაინც იხდიან. ამიტომაც ვამბობ მე, რომ ამ პროგრამაში არსებული ზღვარი აუცილებლად უნდა მოიხსნას. როდესაც გადასახადებსაც არ იხდი, ეს გრანტი პატარა და ცოტა თანხა სულაც არ არის, მაგრამ ბიზნესის განვითარებისთვის ზღვარი მაინც უნდა გაუქმდეს. ჩემი აზრით, ეს აუცილებლად გასაკეთებელია - შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მიმაჩნია”, - განაცხადა აგრობიზნესმენმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები