მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე ძვირადღირებული ბანკები მსოფლიოში

5c7ba348750e7
მარიამ ადამია
03.03.19 15:20
3458

კონსალტინგურმა კომპანია brand Finance-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბანკების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ყოველწლიურ ანგარიშს ეყრდნობა და რომლის დასადგენადაც ექსპერტები 500 ყველაზე ძვირ და ძლევამოსილ ბანკს ერთმანეთს ადარებს და აანალიზებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ჩინური ბანკების საერთო ღირებულებამ და რაოდენობამ, ამერიკულ ბანკებს 100 მილიონი აშშ დოლარით გადაუსწრო.

10 – HSBC

ათეულს ბრიტანული HSBC ხსნის, რომლის ღირებულებაც 20,2 მილიარდი აშშ დოლარია და აქტივებისა და საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით, ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ კონგლომერატად ითვლება მსოფლიოში. შტაბ-ბინა ბრენდს ლონდონში აქვს განთავსებული, თუმცა 67 ქვეყანაში, მათ შორის, აზიაში, ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, 3900 ქსელს აერთიანებს, რომლებიც დაახლოებით 38 მილიონ კლიენტს ემსახურებიან. ძირითადი რეგიონები კი მაინც დიდი ბრიტანეთი და ჰონგ-კონგია.

9 – China Merchants Bank

მეცხრე ადგილს 22,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით China Merchants Bank–ი იკავებს, რომელიც აქტივების სიდიდით ჩინეთის რიგით მეექვსე ბანკია და ჯამში, 600 ფილიალით არის წარმოდგენილი.

8 – JPMorgan Chase

მერვე ადგილი JPMorgan Chase-ს ერგო. 36,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საფინანსო ინსტიტუტი, Bank of America–ს, Citigroup-სა და Wells Fargo-სთან ერთად, აშშ-ის ბანკების “დიდი ოთხეულის წევრია”. მთავარ მიმართულებად კი არჩეული აქვს კომერციული ბანკინგი, აქტივების მართვა, ფინანსური ტრანზაქციები, საინვესტიციო ბანკინგი და ფინანსური მომსახურება, როგორც კერძო პირებისთვის, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. გარდა ამისა, ის ერთ–ერთი უმსხვილესი სადეპოზიტი ბანკია, რომელიც 23,5 ტრილიონი აშშ დოლარის დეპოზიტებს მართავს.

7 – Citibank

ისტორია 1812 წელს დაიწყო, როდესაც შეიქმნა საფინანსო ინსტიტუტი და იმ დროს City Bank of New York დაარქვეს. შემდეგ ბანკმა გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და First National City Bank of New York-ად გადაკეთდა. მას შემდეგ კიდევ ბევრი ცვლილება იყო და ამ დრომდე მოვიდა, თუმცა ისევ, შეცვლილი სახელით. ეს Citibank-ია. 36,4 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული, ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მას რეიტინგში მეშვიდე პოზიცია უკავია.

6 – Bank of America

მეექვსე ადგილი 36,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების, ისევ ამერიკულ კონგლომერატს – Bank of America-ს ერგო, ბანკს, რომელიც ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს როგორც კერძო, ასევე იურიდიულ პირებს და წლებია, რაც ოპერირებს 50 შტატში, ასევე, 35 ქვეყანაში, 4700 ფილიალით, 213 ათასი თანამშრომლითა და 16 ათასი ბანკომატით არის წარმოდგენილი.

5 – Wells Fargo

ყველაზე ძვირადღირებული და გავლენიანი ბანკების ხუთეულს კი, 40 მილიარდ დოლარად შეფასებული Wells Fargo ხსნის. კომპანია, რომელიც ფინანსურ და სადაზღვევო მომსახურებას სთავაზობს ამერიკას, კანადას და პუერტო-რიკოს. ეს ის ბანკია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბანკებს შორის ე.წ. დიდ ოთხეულში შედის და რომელიც 8600 ფილიალით, 13 ათასი ბანკომატით, 40 მილიონი საცალო მომხმარებლითა და 4 მილიონი მცირე მეწარმით, ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიოს მასშტაბით.

4 – Bank of China

მეოთხე ადგილას Bank of China დასახელდა. ჩინეთის ფინანსური ჯგუფის ძირითადი მიმართულება კომერციული ბანკინგია, რომელზეც ჯამში, 90%-იანი საოპერაციო მოგება მოდის. თავად ბანკი, 51 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული და 53 ქვეყანაში, 545 ფილიალს აერთიანებს.

3 – Agricultural Bank of China

სამეულსაც ჩინეთის კიდევ ერთი უმსხვილესი ბანკი Agricultural Bank of China ხსნის, 55 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით. ბანკს ჩინეთის ტერიტორიაზე 23 ათას 600 განყოფილება და 19 ათას 700 საოპერაციო ოფისი აქვს, თუმცა მის განკარგულებაშია 14 შვილობილი კომპანია, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

2 – China Construction Bank

მეორე პოზიციაზეა 70 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების China Construction Bank-ი.

1 – Industrial and Commercial Bank of China

მსოფლიოში ლიდერ ბანკად კი Industrial and Commercial Bank of China დასახელდა, რომელიც 79,8 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ბანკის საკონტროლო პაკეტი ჩინეთის მთავრობის ხელშია. მთლიანობაში კი მას 500 აქციონერი, 17 ათას 460 ფილიალი და 453 ათას 048 თანამშრომელი ჰყავს. ამიტომაც ის რეიტინგში ნომერი პირველია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები