150 მილიარდი ამერიკული დოლარი - ეს ის თანხაა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასაშენებლად დაიხარჯება და რომელიც ყველაზე ძვირადღირებულ მეგაპროექტად არის აღიარებული. სადგურის მშენებლობა ოფიციალურად 2011 წელს დასრულდა, თუმცა ამჟამად, ინჟინრები მის გაფართვებაზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც, სადგურს 4 ახალი მოდული დაემატება. საერთაშორისო კოსმოსური სადგური ეს არის უდიდესი ხელოვნური სხეული ორბიტაზე, რომელიც ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
82 მილიარდი დოლარი დაიხარჯება დუბაის საერთაშორისო აეროპორტის „ალ მაკტუმის“ ასაშენებლად, რომლის დასრულების შემდეგაც, ის მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი აეროპორტი გახდება და წელიწადში 160 მილიონ მგზავრს მომსახურება. ამ ეტაპზე ორი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი შენდება, საბოლოოდ კი, რაოდენობა 5-მდე გაიზრდება და მათი გამოყენება ერთდროულად გახდება შესაძლებელი.
მეგაპროექტებს შორის სახელდება ჩინეთის სამი გიგანტური არხის მშენებლობაც, რომელიც წელიწადში 44,8 მილიარდ კუბურ მეტრ მტკნარ წყალს სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გაატარებს და 4 ჩინურ მდინარეს დააკავშირებს ერთმანეთთან. პროექტის ღირებულება 78 მილიარდი დოლარია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მის დასამთავრებლად ინვესტორებს 48 წელი დასჭირდებათ.
კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტი, კალიფორნიის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ხაზია, რომელიც ლოს-ანჟელესსა და საფ-ფრანცისკოს შორის იქნება გაჭიმული და 350 კილომეტრი საათის სიჩქარით გადაადგილების შედეგად, მგზავრებს დროს 2 საათსა და 40 წუთამდე დაუზოგავს. პროექტი მზად 2030 წლისთვის იქნება და გააერთიანებს 1300 კილომეტრსა და 24 სადგურს. მისი ღირებულება კი, ჯამში 70 მილიარდი დოლარია.
რეიტინგში დუბაის კიდევ ერთი პროექტი - „დუბაილენდიც“ დასახელდა, რომელიც 173 კვადრატულ მეტრზე იქნება გადაჭიმული და გააერთიანებს თემატურ პარკებს, სპორტულ მოედნებსა და მსოფლიოში ყველაზე დიდ სასტუმროს. პროექტის დასრულების თარიღად 2025 წელია ჩანიშნული.
სარკინიგზო ზოლის მშენებლობა ლონდონშიც მიმდინარეობს. პროექტი 23 მილიარდ დოლარიანია და ჯამში, 40 სადგურს გააერთიანებს. მას ინგლისის დედოფლის საპატივცემულოდ „ელიზაბედის ხაზი“ დაერქმევა და მიმდინარე წელს გაიხსნება.
მეგაპროექტად აღიარეს პეკინის საერთაშორისო აეროპორტი „დასინიც“ , რომელიც ჩინეთის დედაქალაქში რიგით მეორე აეროპორტი იქნება და 100 მილიონ მგზავრს მოემსახურება წლიურად. მის ასაშენებლად 13 მილიარდი დოლარია გამოყოფილი და სავარაუდოდ, მომდევნო წლის ბოლოს დასრულდება.
და ბოლოს, მეგაპროექტების რეიტინგი ჰონგ-კონგის ხიდით სრულდება, რომელიც 50 კილომეტრზე იქნება გადაჭიმული და მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი გახდება. მისი გახსნა მიმდინარე წელს არის ჩანიშნული, ასაშენებლად კი ჯამში, 10 მილიარდ 6 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

























