მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე ძვირი ფრანგული და იაფი ირანული - კარაქის ბაზარზე 1 კილოგრამის საშუალო საიმპორტო ფასი

კარაქი

2025 წელს საქართველოში სულ შემოვიდა 161.4 მილიონი ლარის (58.7 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების 7,749 ტონა კარაქი. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ამ პერიოდში იმპორტირებული კარაქის საშუალო ღირებულებამ 1 კილოგრამზე 20.8 ლარი შეადგინა. თუმცა, ფასები რადიკალურად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან არის პროდუქტი შემოტანილი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართულ ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებული ევროპული კარაქი ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი მეზობელ ირანიდან იმპორტირებულ პროდუქტს აქვს.

სააგენტოს მიერ ექსპორტიორი ქვეყნების მიხედვით ფასების შედარებისას ირკვევა, რომ ქვეყანა საიდანაც ყველაზე მეტი კარაქი შემოგვაქვს, ამავდროულად ყველაზე ძვირიანია:

  • საფრანგეთი: 1 კილოგრამი კარაქის საშუალო ფასი 27.3 ლარი იყო. ეს მაჩვენებელი 31%-ით აღემატება მთლიანი იმპორტის საშუალო ღირებულებას.
  • ფინეთი: საშუალო ფასმა 1 კილოგრამზე 25.3 ლარი შეადგინა, რაც საშუალო საბაზრო ფასზე 22%-ით მეტია.
  • ურუგვაი: სამხრეთამერიკული კარაქის საშუალო საიმპორტო ფასი 18.4 ლარი იყო.
  • პარაგვაი: ამ ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტის ღირებულება კილოგრამზე 16.5 ლარს შეადგენდა.
  • ირანი: ყველაზე იაფიანი მიმართულებაა — 1 კგ კარაქის საიმპორტო ფასი 13.7 ლარი იყო, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია ფრანგულ პროდუქტზე.

მიუხედავად მაღალი ფასისა, 2025 წელს იმპორტში წამყვან პოზიციებზე საფრანგეთი, პარაგვაი და ირანი იყვნენ. წამყვანი 5 ქვეყნის ჯამური წილი მთლიან იმპორტში 71%-ს შეადგენდა, სადაც წილები ასე გადანაწილდა:

ქვეყანა წილი იმპორტში საშუალო ფასი (1 კგ)
საფრანგეთი 31% 27.3 ლარი
პარაგვაი 12% 16.5 ლარი
ირანი 11% 13.7 ლარი
ურუგვაი 11% 18.4 ლარი
ფინეთი 7% 25.3 ლარი

მონაცემების მიხედვით, 10 წამყვანი კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 82%-ს შეადგენდა. კიდევ უფრო მაღალია კონცენტრაცია TOP-5 კომპანიაში. მათზე მოდის ბაზრის 67%, ხოლო მხოლოდ 3 წამყვანი კომპანია მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტს, კერძოდ 55%-ს აკონტროლებს.

სააგენტოს შეფასებით კარაქის ბაზარი არის ზომიერად კონცენტრირებული, რაც მიანიშნებს, რომ მიუხედავად მსხვილი მოთამაშეების არსებობისა, ბაზარზე მონოპოლიური რისკები ამ ეტაპზე კრიტიკულ ზღვარს არ სცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები