მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე ძვირი თვითმმართველობის არჩევნები - როგორ დაიხარჯა ცესკოს ბიუჯეტი?

არჩევნები

4 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რიგით მეოთხე თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა. წინა სამისგან განსხვავებით, წელს მეორე ტური არ იქნება. ოპოზიციის ნაწილის არჩევნებისადმი ბოიკოტის გამო 64 ოლქიდან 26-ში ოცნებამ 100%-ით უკონკურენტოდ მოიგო. მეორე ტურის ჩასატარებელი ხარჯები დაიზოგება, თუმცა უამისოდაც წლევანდელი 4 ოქტომბრის არჩევნები “ქართული ოცნების” პირობებში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული გამოდგა.

ჯამური საარჩევნო ხარჯების მიხედვით, წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები 26,5 მილიონი ლარით მეტი დაჯდება, ვიდრე 2021 წელს პირველი და მეორე ტურის ერთად ჩატარება. ცესკოს ამისთვის 129.1 მილიონი ლარის ბიუჯეტიდან თითქმის 81 მილიონი ლარი აქვს გათვალისწინებული.

თავის მხრივ ცესკოს წლევანდელი ბიუჯეტიც წინა წლებისგან განსხვავებით რეკორდულია. 129,1 მილიონი ლარის დაფინანსება მაგალითად, 2021 წლისას 46,2 მილიონით აჭარბებს.

ცესკო საარჩევნო ხარჯების ზრდას რამდენიმე კატეგორიის ხარჯების გაზრდით ხსნის. 2021 წლის არჩევნებისგან განსხვავებით წელს ხმის მიცემის პროცედურა ძირითადად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა, შესაბამისად, მთავარი ხარჯი საარჩევნო ელექტრონული ბაზის განახლებას და მასთან დაკავშირებულ სხვა ადმინისტრაციულ დანახარჯებს უკავშირდება. 20%-ით გაიზარდა საუბნო კომისიებში დასაქმებულთა ანაზღაურებაც.

“ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ხარჯების ხუთი კატეგორია, რამაც განაპირობა აღნიშნული ხარჯების ზრდა. პირველ რიგში ეს არის საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობების ბაზის ნაწილობრივი განახლება. ასევე, ამ მოწყობილობების სახარჯი მასალა და გარკვეულწილად ვენდორი [კონტრაქტორი] კომპანიის მომსახურება, რომელიც თან ახლავს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას.

მეორე კატეგორია, ეს არის საოლქო საარჩევნო კომისიების სასაწყობო ინფრასტრუქტურის შექმნა და ადმინისტრირება. ელექტრონული აპარატურა მოითხოვს დასაწყობებას როგორც ცესკოში, ისე საოლქო კომისიებში. ზოგ შემთხვევაში საჭირო გახდა საოლქო კომისიების დაქირავების ხარჯის გაწევა, ასევე მათი დაცვისა და ვიდეომონიტორინგის ხარჯების გაწევა.

მესამე მთავარი ხარჯი ეს არის ლოგისტიკის ხარჯები. ბუნებრივია, ელექტრონული საარჩევნო მოწყობილობები მოითხოვს ტრანსპორტირებას, კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიების საწყობებში მიწოდებას და ასევე საარჩევნო პროცედურების დასრულების შემდეგ უკუდისტრიბუციას ცესკოს ცენტრალურ საწყობში. ბუნებრივია, ეს ლოგისტიკის ხარჯებიც გაჩნდა.

მეოთხე მთავარი კატეგორია, ეს არის შრომითი რესურსის დაქირავება, რაც განპირობებულია ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენებით. კერძოდ, აქ იგულისხმება ისეთი სპეციალობები, რომლის საჭიროებაც განაპირობა ტექნოლოგიების დანერგვამ. კერძოდ, აქ საუბარია კონფიგურატორებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრონული მოწყობილობების გამართვას. ასევე საუბარია IT სპეციალისტებზე, რომლებიც უბნებზე არიან განთავსებულები. ასევე, საწყობები ვახსენეთ და დაგვჭირდა საწყობის მენეჯერები, საწყობის დამხმარე პერსონალი და ასე შემდეგ.

მეხუთე კატეგორია არის სახელფასო პოლიტიკა საუბნო კომისიებთან მიმართებით. სახელფასო პოლიტიკა შეიცვალა და გაიზარდა სახელფასო განაკვეთები, ვიდრე ეს იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ხელფასების ნაწილში დაახლოებით არის 20%-ის ფარგლებში სხვაობა.

რაც შეეხება ტექნოლოგიებს, საორიენტაციოდ 10 მილიონზეა საუბარი, რაშიც შედის როგორც ელექტრონული მოწყობილობების ღირებულება, ასევე მისი სახარჯი მასალის ღირებულება და ასევე აღნიშნულ თანხაში შედის კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადიც.

შრომითი ხელშეკრულებების ზრდა განაპირობა ტექნოლოგიების გამოყენებამ. ტრადიციული წესით არჩევნები არ მოითხოვდა ამ სპეციალობებს, ხოლო ახლა საჭირო გახდა პერსონალი, ვინც უზრუნველყოფს ამ აპარატურის, მოწყობილობების გამართვას, მასში შესაბამისი ინფორმაციის ჩაწერას.

მოგეხსენებათ, თითოეულ უბანზე იყო მიმაგრებული თითო IT სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფდა გამართულად ეფუნქციონირა საარჩევნო მოწყობილობებს, ესეც ახალი პოზიციაა. თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში ფუნქციონირებდა საწყობები და საწყობების ადმინისტრირება მოითხოვს მენეჯერის ფუნქციონირებას, ვინც უზრუნველყოფს საწყობის მუშაობას და ასევე დამხმარე პერსონალის პოზიციების არსებობას, ვინც უზრუნველყოფს ამ აღნიშნული აპარატურის ჯერ საწყობებში მიცემას, ხოლო შემდეგ უკან ცესკოში გამოგზავნას”,- განმარტა bm.ge-სთან ცესკოს ფინანსური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ.

ცესკოს ინფორმაციით, წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმით გათვალისწინებული 81 მილიონი ლარიდან, ამ ეტაპზე დაახლოებით 79 მილიონი ლარია ათვისებული. იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ბიუჯეტი ჯერ არ არის დახურული, ცესკო არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა გარკვეული ეკონომიაც გაკეთდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები