მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი კონტენტ კრეატორები - TOP 10

ინფლუენსერები

ინტერნეტ კრეატორების ეკონომიკა ტრადიციულ შოუბიზნესში ადგილის დამკვიდრებას აღარ ცდილობს - ის თავად იქცა თანამედროვე შოუბიზნესად. ისტორიაში პირველად, Forbes-ის ყველაზე გავლენიანი კრეატორების რეიტინგში, ტოპ 50 ინფლუენსერის ჯამურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 20%-ით, ხოლო პირველ რეიტინგთან შედარებით 80%-ით არის გაზრდილი.

დღეს სოციალური მედიის მეწარმეები ასობით თანამშრომლისგან შემდგარ სტუდიებს მართავენ, მსხვილ სარეკლამო კამპანიებს უძღვებიან და კინოგაქირავებაში ჰოლივუდსაც კი უწევენ კონკურენციას.

წარმოგიდგენთ Forbes-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულს, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ ვინ მართავს დღეს გასართობ ონლაინ ინდუსტრიას:

1. MrBeast (ჯიმი დონალდსონი) - $300 მილიონი
რეიტინგის სათავეში მყოფი ჯიმი დონალდსონი, იგივე MrBeast, რომლის წლიურმა შემოსავალმაც კოლოსალურ 300 მილიონ დოლარს მიაღწია, დიდი ხანია უბრალო იუთუბერობას გასცდა და თავისი მასშტაბური პროექტები გლობალურ ბიზნესიმპერიად აქცია. Beast Industries-ის მეშვეობით ის მართავს მედიაპროდუქტებს, კვების ხაზებს (Feastables და Lunchly), ანალიტიკურ ინსტრუმენტებსა და სათამაშოების ბიზნესს, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიარდ დოლარს აღწევს.

2. დარ მენი - $65 მილიონი
მეორე ადგილზეა დარ მენი, რომელიც წელიწადში 65 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. თავისი 200-კაციანი გუნდის დახმარებით ის მოკლე, ემოციურ და სამოტივაციო ციფრულ ისტორიებს ქმნის, რომლებიც კვირაში თითქმის 300 მილიონ ნახვას აგროვებს და უკვე 13 სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. ტრადიციული კინოსტუდიებისგან განსხვავებით, დარ მენი კონტენტს მთლიანად მაყურებლის უკუკავშირზე დაყრდნობით აფორმირებს, რაც მიმდევართა განსაკუთრებულ ერთგულებას უზრუნველყოფს.

3. სტივენ ბარტლეტი - $52 მილიონი
სტივენ ბარტლეტის წლიური შემოსავალი 52 მილიონ დოლარს შეადგენს. კრეატორმა საკუთარ სამზარეულოში დაწყებული პოდკასტი, “CEO-ს დღიური", მრავალმილიონიან მედიაჰოლდინგად აქცია, რომელიც დღეს პოდკასტებს, წიგნის გამომცემლობებს, ღონისძიებებსა და საინვესტიციო ფონდს აერთიანებს. ბარტლეტი აქტიურად აფინანსებს ინოვაციურ ტექნოლოგიურ სტარტაპებს და პარალელურად წამყვან, გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობს.

4. Markiplier (მარკ ფიშბახი) - $38 მილიონი
მარკ ფიშბახი, რომელიც ინტერნეტში Markiplier-ის სახელითაა ცნობილი, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ვიდეო თამაშების სტრიმერს ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში წარმატებით შეიჭრას. მან საკუთარი სახსრებით გადაიღო ფილმი "Iron Lung", რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში 50 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. კინოეკრანებზე წარმატების შემდეგ მან ფილმი ციფრულ ფორმატში YouTube-ზე გამოუშვა, პარალელურად კი კვლავ აქტიურად აგრძელებს პოპულარული პოდკასტების წაყვანას. Markiplier-ი წლიურად 38 მილიონი დოლარს გამოიმუშავებს.

5. რეტი და ლინკი - $37 მილიონი
რეტი და ლინკი კომედიური დუეტია, რომლის წლიურმა შემოსავალმაც 37 მილიონი დოლარი შეადგინა. ისინი წლებია სტაბილურად ინარჩუნებენ მოწინავე პოზიციებს ყოველდღიური YouTube-შოუს, "Good Mythical Morning"-ის მეშვეობით. შემოქმედებითი დუეტი აუდიტორიასთან კავშირს არა მხოლოდ ციფრულად, არამედ წიგნების გამოცემითაც ამყარებს, რისი დასტურიცაა მათი ახალი კულინარიული წიგნი, რომელიც ზაფხულის განმავლობაში გამოიცემა.

6. ჩარლი დამელიო - $18 მილიონი
ჩარლი დამელიო, რომელმაც სახელი Tiktok-ზე, თავისი ვირუსული საცეკვაო ვიდეოებით გაითქვა და მიმდინარე წლის რეიტინგში 18 მილიონიანი შემოსავლით მოხვდა, მცირე ჩავარდნის შემდეგ კვლავ აქტიურად დაუბრუნდა სოციალურ ქსელებს. ის წარმატებით უთავსებს მოკლე საცეკვაო ვიდეოებსა და ყოველდღიურ ვლოგებს ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობას, როგორებიც Prada და Kate Spade არიან.

7. Druski (დრუ დესბორდსი) - $20 მილიონი
დრუ დესბორდსი, რომელიც ინტერნეტში Druski-ს სახელითაა ცნობილი და რომლის წლიური შემოსავალიც 20 მილიონ დოლარს შეადგენს, დღეს ამერიკული გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იუმორისტია. ის თითქმის ყველა პლატფორმასა და მედიასაშუალებაში ჩანს - ციფრული სკეტჩებიდან დაწყებული, სატელევიზიო რეკლამებითა და დაჯილდოების ცერემონიების წამყვანის როლით დასრულებული.

8. I Show Speed (დარენ უოტკინს უმცროსი) - $30 მილიონი
გეიმინგ ვიდეოებით დაწყებული მოკრძალებული კარიერის შემდეგ, I Show Speed-მა, იგივე დარენ უოტკინს უმცროსმა, პოპულარობა თავისი ექსცენტრიკული, ემოციური და სპონტანური კონტენტით მოიპოვა. დღეს ის ფეხბურთის ისეთ ლეგენდებთან თანამშრომლობს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. ამანვე განაპირობა 2026 წელს FIFA-სთან მისი მასშტაბური პარტნიორობაც, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში. I Show Speed-ის წლიური შემოსავალი 30 მილიონ დოლარს აღწევს.

9. მარკ რობერი - $30 მილიონი
NASA-ს ყოფილი ინჟინერი მარკ რობერი, რომელმაც ერთ წელიწადში 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონტენტის სფეროში ნამდვილი ნოვატორია, რომელიც რთულ მეცნიერულ კონცეფციებს მაყურებელს სანახაობრივი ექსპერიმენტებით უხსნის. მისი 100-კაციანი გუნდი რეგულარულად ქმნის მაღალბიუჯეტიან ვიდეოებს, რომლებიც გლობალური ბრენდებისა და ბავშვების ყურადღებას ერთნაირად იქცევს. საგანმანათლებლო ვიდეოების გარდა, რობერი წარმატებით მართავს სამეცნიერო ნაკრებების კომპანიას, CrunchLabs-ს, და აქტიურად ცდილობს ამერიკაში STEM განათლების სისტემის გაძლიერებას.

10. კოდი სანჩესი - $31 მილიონი
ყოფილმა ფინანსისტმა და ჟურნალისტმა კოდი სანჩესმა, რომლის წლიური შემოსავალიც 31 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, სრულიად განსხვავებული ნიშა იპოვა და მილიონობით ადამიანს ფინანსურ განათლებას ე.წ. "მოსაწყენი ბიზნესების" საშუალებით ასწავლის. ის უარყოფს სწრაფად გამდიდრების პოპულარულ სქემებს და მაყურებელს უხსნის, თუ როგორ შეიძლება სტაბილური შემოსავლის მიღება ისეთი ტრადიციული სფეროებიდან, როგორიცაა სამრეცხაოები, სავაჭრო აპარატები თუ გამწვანების სერვისები. სანჩესის მიზანია ადამიანებს რეალური, ხელშესახები მცირე ბიზნესის დაწყებასა და მართვაში დაეხმაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები