მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე გაყიდვადი სუნამოები და ლიდერი მწარმოებლები - TOP 5

პარფიუმერია

Spherical Insights & Consulting-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სუნამოების გლობალური ბაზრის მოცულობა, 2025 წლის $50.2 მილიარდი დოლარიდან, 2035 წლისთვის $102.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2025–2035 წლების საპროგნოზო პერიოდში წლიური ზრდის ტემპი 5.51%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი სუნამოების ბრენდების რეიტინგს მოგვცემდა - კომპანიები, როგორც წესი, არ აქვეყნებენ გაყიდული ერთეულების სრულ მონაცემებს - სხვადასხვა ანგარიში და ინდუსტრიის ანალიზი მუდმივად გამოყოფს ბრენდების მცირე ჯგუფს, გაყიდვების მოცულობის, ბაზრის წილისა და შემოსავლების მიხედვით.

მაგალითად, NPD Group-ის მიერ 17 ქვეყანაში გაყიდვის წერტილების მონიტორინგზე დაყრდნობით, ამ სუნამოებმა 2025 წლის პირველ ნახევარში ჯამურად 3.8 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი გამოიმუშავეს.

გლობალური შემოსავლების მიხედვით, 5 ყველაზე გაყიდვადი სუნამო:

პროდუქტი ბრენდი შემოსავალი (2025 6 თვე) საცალო ფასი (100 მლ)
1 Bleu de Chanel Eau de Parfum Chanel $1.21 მლრდ $145
2 Light Blue Sun Dolce&Gabbana $892 მლნ $98
3 Santal 33 Le Labo $745 მლნ $295
4 Miss Dior Eau de Parfum Dior $687 მლნ $135
5 Baccarat Rouge 540 Maison Francis Kurkdjian $583 მლნ $320

Chanel

Chanel ინარჩუნებს პირველობას შთამბეჭდავი ფინანსური მაჩვენებლით, რაც ძირითადად ლეგენდარული Bleu de Chanel-ის დამსახურებაა. ბრენდის სტრატეგია ეფუძნება „ხელოვნურ დეფიციტს“ - ისინი განზრახ ზღუდავენ საბითუმო დისტრიბუციას და მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 450 პრესტიჟულ წერტილში არიან წარმოდგენილნი. ეს ექსკლუზიურობა მომხმარებლის თვალში პროდუქტის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

Dolce & Gabbana

მეორე პოზიციას იკავებს იტალიური მოდის სახლი, რომლის წარმატების მთავარი არქიტექტორი Light Blue Sun-ია. კონკურენტებთან შედარებით უფრო დემოკრატიული საფასო პოლიტიკა ($98 - 100მლ) და ფართო ხელმისაწვდომობა ბრენდს საშუალებას აძლევს, მასობრივ სეგმენტში დომინირებდეს და სტაბილურად მაღალი ბაზრის წილი შეინარჩუნოს.

Le Labo

Le Labo-ს მესამე ადგილი ადასტურებს, რომ ნიშური პარფიუმერია აღარ არის მხოლოდ მცირე წრისთვის. საკულტო Santal 33-მა ბრენდს ასეულობით მილიონი მოუტანა. Le Labo-ს წარმატების ფორმულა გამოცდილებაზე დაფუძნებული გაყიდვებია - ტრანზაქციების 78% უშუალოდ მათ საფირმო ბუტიკებში ხორციელდება, სადაც მომხმარებელი სურნელის შექმნის პროცესის თანამონაწილე ხდება.

Dior

Miss Dior-ის განახლებული ვერსიებისა და ძლიერი მარკეტინგული კამპანიების წყალობით, Dior მეოთხე პოზიციას იკავებს. ბრენდი ოსტატურად ახერხებს ბალანსის დაცვას მაღალ მოდასა და კომერციულ მიმზიდველობას შორის, რაც მას სტაბილურ შემოსავალს უნარჩუნებს, თუმცა ამ ეტაპზე Chanel-თან ჩამორჩენა შემოსავლების კუთხით თვალშისაცემია.

Maison Francis Kurkdjian

რეიტინგს ხურავს MFK, რომელიც ბაზარზე ყველაზე მაღალფასიან სეგმენტში ოპერირებს ($320 - 100მლ). Baccarat Rouge 540 იქცა სტატუსის სიმბოლოდ, რომელმაც ბრენდს ნახევარ მილიარდზე მეტი შემოსავალი მოუტანა. MFK-ის მაგალითი ცხადყოფს, რომ მაღალი ფასი 2025 წლის მომხმარებლისთვის ბარიერს არ წარმოადგენს, თუ საქმე განსაკუთრებულ ხარისხსა და პრესტიჟს ეხება.

კიდევ სხვა წყაროს თანახმად, პარფიუმერიის ინდუსტრიის ლიდერი, საბაზრო წილის მიხედვით, Chanel-ია, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ამ მაჩვენებლებს არ ასაჯაროებს. სხვადასხვა კრიტერიუმის, მათ შორის მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლების, ინოვაციების, ბრენდის მემკვიდრეობისა და საცალო გაყიდვების შედეგების მიხედვით, Chanel-ის ბაზრის წილი 15%-ს აღემატება, ლიდერი ბრენდების რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  • Chanel: 15.2%
  • Dior: 12.8%
  • YSL: 9.4%
  • Tom Ford: 7.6%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები