"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2013-2017 წლებში ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ღვინის ეროვნული სააგენტო” და “აწარმოე საქართველოში”. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პიარაქტივობებისა და რეკლამების დანახარჯის ზრდა, ძირითადად, ამ სამი უწყების ხარჯზე ხდება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ “აწარმოე საქართველოში” 2014 წელს შეიქმნა, თუმცა ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შორის მაინც მოხვდა.
ცალკე აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები. ეს ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ პიარის თანამშრომელთა რაოდენობისა და ანაზღაურების შესახებ წინა კვლევაში მთავრობის მიერ დოკუმენტების მოუწოდებლობის გამო ვერ მოხვდა. სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და სახელფასო ანაზღაურება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მზარდია და 2013-2017 წლებში (2017 წლის მონაცემები მოწოდებულია ოქტომბრის ჩათვლით) 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, 61 მილიონ 250 ათასი ლარის, დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
ამასთან 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს ანაზღაურებაში დახარჯული თანხა 90%-ით გაიზარდა.

























