საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პორტფელების მიხედვით არსებულ შემოსავლიანობაზე ავრცელებს ინფორმაციას. სამ განსხვავებულ პორტფელზე მოქალაქეთა დანაზოგები 2023 წლის აგვისტოდან გადანაწილდა, ეს პორტფელებია: დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელი. დღეს საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მაღალი ამონაგები ამ პერიოდში სწორედ მაღალრისკიან პორტფელს ჰქონდა.
არსებული მდგომარეობით, მოქალაქეთა დანაზოგების უდიდესი ნაწილი განთავსებულია დაბალრისკიან პორტფელში, რაც 1.3 მილიონი მოქალაქის 4.5 მილიარდის დანაზოგებს მოიცავს. მოქალაქეებს საინვესტიციო პორტფელის ცვლილება განცხადების საფუძველზე შეუძლიათ.
საპენსიო პორტფელების ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
- დაბალრისკიანი პორტფელი: 5.11%.
- საშუალორისკიანი პორტფელი: 5.51%
- მაღალრისკიანი პორტფელი: 5.80%.
2024 წლის 3 იანვრის შემდგომ საკუთარი პორტფელის ცვლილება სულ 9,683-მა მოქალაქემ განახორციელა და დანაზოგი საშუალო და მაღალრისკიან პორტფელში გადაიტანა, ხოლო მიგრირებული თანხის მოცულობამ 46 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 5,137-მა მოქალაქემ 25 მილიონი ლარი საშუალორისკიან პორტფელში გადაიტანა, 4,546-მა მოქალაქემ 21 მილიონი ლარი მაღალრისკიან პორტფელში.