მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მძლავრი AI-ს შემქმნელი საფონდო ბირჟაზე გამოდის - რა გეგმები აქვს Anthropic-ს?

anthropic

ყველაზე მძლავრი AI მოდელების შემქმნელი საფონდო ბირჟაზე გამოდის. Anthropic-ი, სტარტაპი, რომლის სახელსაც იურისტების, ფინანსისტებისა თუ მონაცემთა ანალიტიკოსების პროფესიების მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება, საკუთარი კაპიტალიზაციის 1.4 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.

მეტიც, ის აპირებს, გადაასწროს ილონ მასკის SpaceX-საც და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, ჯამურად $90 მილიარდი მოიზიდოს.

როგორ მოვიდა სტარტაპი აქამდე, რა გეგმები აქვს და რატომ შეიძლება იყოს ეს IPO არც ისე გონივრული ახლა. ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ სტატიიდან მიიღებთ.

Anthropic-ის გზა დაფუძნებიდან $1-ტრილიონიან კაპიტალიზაციამდე

2021 წელს დარიო ამოდეიმ, ChatGPT-ს შემქმნელი სტარტაპის წამყვანმა მკვლევარმა თანამოაზრეებთან, მათ შორის დასთან, დანიელა ამოდეისთან ერთად OpenAI დატოვა და Anthropic-ი დააფუძნა.

მიზეზი ფუნდამენტური განსხვავებები იყო. დარიოც და დანიელაც ხშირად იმეორებენ, რომ უთანხმოება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების საკითხს ეხებოდა. ამოდეის გუნდს სჯეროდა, რომ AI არასდროს უნდა განვითარებულიყო ისე, რომ თავად ადამიანებისთვის შეექმნა სასიცოცხლო საფრთხე. ეს კი სემ ოლტმენის ხელმძღვანელობის პირობებში სულ უფრო რთულად მიღწევად ამოცანად იქცა.

სწორედ იმ ფილოსოფიით, რომ AI მხოლოდ საზოგადოებრივ საჭიროებებს უნდა მოერგოს, შეიქმნა „კონსტიტუციური ხელოვნური ინტელექტის“ კონცეფცია და ჩეტბოტი Claude-ი, რომელმაც პროგრამირების, კომპიუტერული სისტემების ავტონომიური მართვისა და კორპორაციული ანალიტიკის სტანდარტები სამუდამოდ შეცვალა.

სწორედ ამ ცვლილებას ეფუძნა კომპანიის ზრდის ტრაექტორიის მუდმივი გაუმჯობესება. თუ 2023 წლის ბოლოს სტარტაპის ღირებულება სულ რაღაც $18 მილიარდი იყო და 2025 წლის დასაწყისისთვის მაქსიმუმ 61-მილიარდიანი ზღვარი ჰქონდა გადაკვეთილი, რევოლუციური AI პროგრამების წარდგენის ფონზე სულ რაღაც ერთ წელიწადში ჯერ გასამმაგდა კაპიტალიზაცია, საბოლოოდ კი, შეფასებამ $965 მილიარდს მიაღწია.

რა ვიცით Anthropic-ის (ANT) საფონდო ბირჟაზე გამოსვლის შესახებ?

Anthropic-ი საფონდო ბირჟაზე მასშტაბური და ხმაურიანი გამოსვლისთვის ემზადება. როგორც ამერიკული ბიზნეს მედია წერს, ის ბირჟაზე $1.4 ტრილიონის კაპიტალიზაციის მიღწევას ისახავს მიზნად, რაც ჩამორჩება თავდაპირველ $2-ტრილიონიან მაჩვენებელს. თუმცა ამ მოცემულობაზე განსაკუთრებული გავლენა ბოლო ორ კვირაში შტატებში ბირჟის მკვეთრმა კორექციამ და AI ბუშტის არსებობის განახლებულმა შიშებმა გააჩინა.

სტარტაპი ჯამურად 825 მილიონ აქციას გამოიტანს, რომელთაგან თითოს ღირებულება კი $78 დოლარი იქნება. რაც საბოლოოდ ამოდეის კომპანიას საჯარო ბაზრიდან 64 მილიარდის, კერძო ინვესტორებისგან კი 26 მილიარდის მოზიდვის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ამ მსხვილ დამფინანსებელთა შორის იქნებიან: Google-ი, Nvidia, AMD, Microsoft-ი, Broadcom-ი, Micron-ი და TSMC.

აქციების Nasdaq-ზე განთავსებას Goldman Sachs-ი და Morgan Stanley უხელმძღვანელებენ, თავად სტარტაპი კი საბოლოოდ შემდეგი სახელით - ANT-თ დაილისტება.

როგორი ფინანსური მაჩვენებლებით გადის Anthropic-ი საფონდო ბირჟაზე?

31 ოქტომბრის მდგომარეობით, Anthropic-ის წლიური გენერირებადი შემოსავალი 81 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. სტარტაპის მზარდ ზრდაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერთ თვეში, სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე, კომპანიამ წლიურ მაჩვენებელს 10 მილიარდი დოლარი შემატა. ამას ემატება ისიც, რომ მესამე კვარტალში სუფთა შემოსავალმა თითქმის 17 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 47%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში კი 1,200%.

თუმცა, მზარდი შემოსავლების მიღმა დგას უზარმაზარი ხარჯვითი ვალდებულებაც, ანუ ვალები. კომპანიას მხოლოდ Amazon-თან და Google-თან თითქმის 900 მილიარდი დოლარის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის კონტრაქტები აქვს გაფორმებული.

როგორი გეგმები აქვს Anthropic-ს და რაზე აფრთხილებს ინვესტორებს?

სტარტაპს, რომელსაც სამედიცინო, ფინანსური, პროგრამული თუ იურიდიული სფეროებისთვის უკვე შექმნილი აქვს წამყვანი AI პროდუქტები და მომავლის იმედებსაც სწორედ მათ შესაძლებლობებზე ამყარებს მის მიერვე შექმნილი Claude-ი შიშის მიზეზსაც უჩენს.

საფონდო ბირჟისთვის წარდგენილ განაცხადში კომპანია პირდაპირ წერს, რომ იმან, რასაც ისინი ქმნიან, შეიძლება კაცობრიობას ეგზისტენციალური რისკებიც კი შეუქმნას. საყურადღებო ფაქტია, რომ ამოდეის კომპანია მათი მოდელების მიერ არც წარსულში დაფიქსირებულ გადაცდომებს უარყოფს და ვერც იმის პირობას დებს, რომ მომავალში მსგავსი აღარ განმეორდება.

ბოლო წლებია, Anthropic-ი ქმნის ტექნოლოგიას, რომელიც მოგებიანიცაა და რევოლუციურიც, მაგრამ სტარტაპში იმასაც აღიარებენ, რომ მისი განვითარების სისწრაფემ შესაძლოა ადამიანური კონტროლის მაქსიმუმსაც გაუსწროს. ამ ფონზე კი ანალიტიკოსებისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, დათანხმდება თუ არა უოლ-სტრიტი ნოემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი IPO-ს პირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები