საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური. ქვეყანაში კი, 2086 საჯარო სკოლაა.
დოკუმენტის მიხედვით, 134 საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორობის ვაკანტურ თანამდებობაზე, მხოლოდ ერთ კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. საერთო ჯამში 18 სკოლაა, სადაც დირექტორობის სურვილი არცერთმა კანდიდატმა არ გამოთქვა. აქედან, 3 სკოლა ოკუპირებულ აფხაზეთშია და შესაბამისად არ ფუნქციონირებს.
რაც შეეხება სკოლებს, რომლებში დირექტორის პოზიციაზეც ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- თბილისში გლდანი ნაძალადევის №114 საჯარო სკოლა - 50 განაცხადი;
- თბილისში გლდანი ნაძალადევის №133 საჯარო სკოლა - 40 განაცხადი;
- თბილისში გლდანი ნაძალადევის №11 საჯარო სკოლა - 39 განაცხადი;
- თბილისში გლდანი ნაძალადევის №177 საჯარო სკოლა - 38 განაცხადი;
- თბილისში გლდანი ნაძალადევის №115 და ვაჟა-ფშაველას სახელობის №87 საჯარო სკოლები - 34/34 განაცხადი.
ცნობისთვის, ახალი წესის მიხედვით, გაუქმდება სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.
ამასთან, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე.
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ დირექტორობის კანდიდატად.