ქუთაისში მდებარე რესტორან „დებში“ 2025 წელი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პერიოდად შეფასდა. ობიექტის დამფუძნებელი, მარიკა თვარაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხარისხის შენარჩუნებაა და არა მხოლოდ სტუმართა რაოდენობის გაზრდა.
„2025 წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო. მე ვისურვებდი, რომ მომდევნო წლებიც ასეთი იყოს და ჩვენც შევძლოთ ამ სტუმრების გამასპინძლება და რაც მთავარია - ხარისხი არ შევცვალოთ. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, სწორედ ხარისხის შენარჩუნებაა“, - აცხადებს თვარაძე და დასძენს, რომ მთავარი გამოწვევა ხარისხიანი პროდუქტის მოძიებაა.
მისი თქმით, ბაზარზე არსებული სიძვირე და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველდღიურ სირთულეებს ქმნის. „კარგი პროდუქციის გარეშე კარგ კერძს ვერ დაამზადებ - ეს გამორიცხულია. ვცდილობთ, რომ კარგი პროდუქტი ვეძებოთ, თუმცა ეს ძალიან რთულია. სურსათის უვნებლობის მიხედვით სწორი პროდუქტის მოძებნა ყოველდღიური გამოწვევაა“, - აცხადებს თვარაძე.
მისი შეფასებით, სფეროს განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო. „ჩვენ ვართ ბოლო რგოლი - რესტორნები. ვცდილობთ, გლეხისგან თუ ბაზრიდან საუკეთესო წამოვიღოთ, მაგრამ ეს პროცესი ხანდახან იმხელა პრობლემებთან არის დაკავშირებული, რომ გაუსაძლისიც ხდება. თუ სახელმწიფოს მხრიდან უფრო დიდი ყურადღება იქნება, ჩვენც ამოვისუნთქავთ და უფრო მეტ დროს დავუთმობთ განვითარებას და არა ყოველდღიურ პრობლემებთან ბრძოლას“, - ამბობს მარიკა თვარაძე.
მისი თქმით, სეზონურობა ტურისტული ბიზნესისთვის ბუნებრივი პროცესია და წლის გარკვეული მონაკვეთი შედარებით მშვიდია, თუმცა ეს დრო გუნდს განვითარების დაგეგმვის საშუალებას აძლევს. „შემოდგომის მიწურულიდან ამ პერიოდამდე შედარებით ვისვენებთ ხოლმე. ეს დრო გვჭირდება, რომ ახალი იდეებით ჩვენც ამოვისუნთქოთ“, - ამბობს ის.
დამფუძნებლის შეფასებით, რესტორანში ტრადიციულად ჭარბობენ უცხოელი სტუმრები, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, როდესაც სათხილამურო კურორტების მიმართულებით ტურისტული ნაკადი იზრდება. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა : „ახლა ზამთრის სათხილამურო კურორტების პერიოდი მოდის და სასრიალოდ ბევრი ტურისტი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში. რადგან ჩვენს ქალაქში ფუფუნებაა, რომ გვაქვს აეროპორტი, აქედან გამომდინარე ბევრი უცხოელი ხვდება ჩვენს რესტორანში“, - აღნიშნავს თვარაძე.
ამასთან, მისი თქმით, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა შიდა ტურიზმი. როგორც ის განმარტავს, პანდემიის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტუმრების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
„"კორონას" პერიოდის შემდეგ შიდა ტურიზმი ამუშავდა. ისე მიხარია ხოლმე, როცა სპეციალურად გვირეკავენ ბათუმიდან, თბილისიდან… ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და ყველაზე მეტად ეგ მახარებს, რომ მოდიან კონკრეტულად ამ რესტორნის გამო და შემდეგ ქალაქსაც ათვალიერებენ“, - აცხადებს იგი.
მარიკა თვარაძე მიიჩნევს, რომ რესტორნის წარმატების საფუძველი ავთენტურობაზეა დაფუძნებული და განვითარების გზა ადგილობრივი იდენტობის გაძლიერებაში უნდა მოიძებნოს.
მისი თქმით, სტუმარს - იქნება ის ქართველი თუ უცხოელი - პირველ რიგში სწორედ ადგილობრივი გარემო, გასტრონომია და ხასიათი აინტერესებს. „ავთენტიკური რაც ჩვენ გვაქვს - გასტრონომია, მუსიკა, სიმღერა, ცეკვა ალბათ აქ უნდა ვეძებოთ ამოსავალი. ჩვენ იმერეთის შუაგულში ვართ და ქუთაისი რითაც გამოიხატება, ეს არის ჩვენი გასტრონომია, მომსახურება და რაც მთავარია ჩვენი ხასიათი. არ გვჭირდება რაღაცის გადმოღება ან მიბაძვა, რომელიც ჩვენი არ არის“, - ამბობს ის და დასძენს, რომ „აუცილებლად უნდა ვეძებოთ ჩვენს წარსულში, ჩვენი წინაპრებიდან გადმოცემულში“.


























