მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დღე - ვინ არიან საქართველოს და ესპანეთის ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები?

გულშემატკივარი

პორტუგალიასთან წარმოუდგენელი მოგების შემდეგ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი დღეები კიოლნში, მერვედფინალში ესპანეთთან დაპირისპირებით გრძელდება.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, ესპანეთის ნაკრების ფასი კი 965.5 მლნ ევროა.

სააგენტოს ცნობით, ამ მომენტისთვის, ნაკრებებში ყველზე ძვირად ღირებული ხუთეულები ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები:

  • ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი – 35 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე – 15 მლნ ევრო;
  • ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო;
  • საბა ლობჟანიძე – 3 მლნ ევრო.

ესპანეთის ნაკრები:

  • როდრი – 120 მლნ ევრო;
  • ლამინ იამალი – 90 მლნ ევრო;
  • პედრი – 80 მლნ ევრო;
  • ნიკო ვილიამსი – 60 მლნ ევრო;
  • დანი ოლმო – 50 მლნ ევრო.

ესპანეთი კონტინენტის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯილდო ორჯერ ზედიზედ აქვს მოგებული, 2008 და 2012 წელს. სულ კი, თასის მფლობელი სამჯერ გახდა.

გუნდების სტატისტიკა "ჯვაროსნებისთვის" საკმაოდ მძიმეა. ესპანეთთან, საქართველოს მხოლოდ ერთხელ სტუმრად, მინიმალური სხვაობით აქვს მოგებული 0:1. ისიც, ამხანაგურ შეხვედრაში. ესპანეთმა კი საქართველოს ოფიციალურ შეხვედრებში ბოლო 12 წელში ექვსჯერ მოუგო. მათ შორის, ესპანელების ანგარიშზეა, ეროვნული ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი 1:7. თუმცა, ევროპის პირველობა სულ სხვა ტიპის ტურნირია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეს, გუშინ შვეიცარიის მხრიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონის მერვედფინალიდან გაგდემაც ცხადყო ცხადყო.

დებიუტანტი საქართველო ახლა ის ქვეყანაა, რომლისგანაც ყველაფერს ელიან და რომელმაც საფეხბურთო ფინანსური სტატისტიკა, უკვე მივიწყებული საფეხბურთო რომანტიზმით ჩაანაცვლა, შესაბამისად ახლა, ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთი ფავორიტის გარეშე დარჩენილ EURO-2024-ზე ოცნებობს.

ევროპის ჩემპიონატზე შეძენილი გამოცდილება და თავდაჯერება, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით შეიძინეს, საქართველოს უფრო საშიშს ხდის - ასეთია ესპანეთის ნაკრების თავკაცის მოლოდინი.

"ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სისტემა შეცვალა – ამ გუნდის მოთამაშეები კონტრშეტევაზე გადასვლას ძალიან სწრაფად ახერხებენ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ", - ასეთია, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის ლუის დე ლა ფუენტეს წინასწარი განწყობა.

მატჩი კი საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში უკვე მეოთხედფინალში, საქართველოს შემდეგი მეტოქე ტურნირის მასპინძელი გერმანია იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები