მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მყარი და ძვირადღირებული ვალუტები - TOP-10

5e073cd584b21
ირაკლი მაკალათია
29.12.19 00:01
13417
ლარის კურსის ცვლილებების ფონზე საინტერესოა თუ რომელი ვალუტებია დღეს მსოფლიოში ყველაზე მყარი და ძვირადღირებული. გთავაზობთ, 2019 წლის 26 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ ვალუტას, ვალუტების ღირებულებები გამოსახულია აშშ დოლარში.

10. აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი - 1 აშშ დოლარი) (1 აშშ დოლარი - 2,86 ლარი)

მე-10 ადგილს თავად აშშ დოლარით ვიწყებთ, რადგან მის შემდგომ დანარჩენი ვალუტების კურსი 1 აშშ დოლარზე ნაკლებია. აშშ დოლარს ყველაზე დიდი მოთხოვნა აქვს მსოფლიოს სავალუტო ბაზარზე და შესაბამისად, სავაჭრო ვალუტებს შორის პირველ ადგილზე დგას. ის გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. აშშ დოლარი ასევე წარმოადგენს მსოფლიო სარეზერვო ვალუტას და ბევრი ქვეყნის ოფიციალური ვალუტაცაა. აშშ დოლარი კონგრესმა მიიღო 1785 წელს. პირველი პოპულარობა მან 1861 წლის სამოქალაქო ომის დროს მოიპოვა, როცა ომის დასაფინანსებლად გამოიცა, ხოლო მისი მწვანე ფერის გამო დოლარს ,,მწვანე’’ შეერქვა. 1975 წლიდან აშშ დოლარი მოიხსნა ოქროს სტანდარტიდან და საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე თავისუფლად გაეშვა. 2018 წელს აშშ-ში წლიურმა ინფლაციამ 1,9% შეადგინა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით).

9. შვეიცარიული ფრანკი (1 შვეიცარიული ფრანკი - 1,02 აშშ დოლარი) (1 შვეიცარიული ფრანკი - 2,92 ლარი)

შვეიცარიის ფრანკი არის შვეიცარიისა და ლიხტენშტეინის ოფიციალური ვალუტა. ფრანკი წამყვან სავაჭრო ვალუტებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. ოფიციალურ ვალუტად ის 1850 წელს მიიღეს. შვეიცარია არის არა მხოლოდ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა, არამედ ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ეკონომიკის მქონე და პოლიტიკურად დაცული ქვეყანაა; მისი საბანკო სისტემა კი, ყველაზე მეტად განვითარებული და დაცულია. 2018 წელს შვეიცარიაში წლიურმა ინფლაციამ 0,7% შეადგინა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით).

8. ევრო (1 ევრო - 1.11 აშშ დოლარი) (1 ევრო - 3,18 ლარი)

ევროკავშირის მიერ 2002 წელს მიღებული საერთაშორისო ვალუტა - ევრო მსოფლიო მნიშვნელობის ვალუტას წარმოადგენს და აშშ დოლარის შემდეგ მეორე მსოფლიო სავაჭრო ვალუტაა. ევროს ზურგს უმაგრებს ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა. ევრო ეროვნულ ვალუტად აღიარეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა: ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, სლოვაკეთი და სლოვენია. გარდა ამისა, ევროკავშირის ოთხი არაწევრი ქვეყანაც ოფიციალურ ვალუტად იყენებს ევროს: ანდორა, ვატიკანის ქალაქი, სან-მარინო და მონაკო. მთავარი გადაწყვეტილება რატომაც ევრო მიიღეს, არის ის, რომ გლობალურ ეკონომიკაში მოქმედ ბიზნეს და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუქმნან კომფორტული მომსახურება და თავიდან ააცილონ გაცვლითი კურსის თანმდევი ფინანსური რისკები.

7. კაიმანის კუნძულების დოლარი (1 კაიმანის კუნძლების დოლარი - 1.2 აშშ დოლარი) (1 კაიმანის კუნძულების დოლარი - 3,44 ლარი)

კაიმანის კუნძულები არის ბრიტანეთის ავტონომიური ტერიტორია. კაიმანის კუნძულებს კონსტიტუცია მიღებული აქვს 2009 წელს, სადაც ოფიციალურად არის მონარქიული მმართველობა, მიუხედავად ამისა ის დღემდე ბრიტანეთის ტერიტორიას წარმოადგენს. კაიმანის კუნძულები მიჩნეულია როგორც საგადასახადო სისტემის სამოთხე, რადგან ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ოფშორულ ფინანსურ ცენტრს. კაიმანის კუნძულების დოლარი ეროვნული ვალუტაა 1972 წლიდან, როცა მან შეცვალა იამაიკის დოლარი. კუნძულების მთავარ ეკონომიკურ საფუძველს გარდა ფინანსური ოფშორისა, წარმოადგენს ტურიზმი.

6. გიბრალტარის ფუნტი (1 გიბრალტარის სტერლინგი - 1.23 აშშ დოლარი) (1 გიბრალტარის სტერლინგი - 3,52 ლარი)

გიბრალტარის ოფიციალურ ვალუტას გიბრალტარის ფუნტი წარმოადგენს. გიბრალტარის ფუნტი ფიქსირებული გაცვლითი კურსით დაკავშირებულია ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე. მიმოქცევაში არსებულ მონეტებზე გამოყენებულია ბრიტანული სახელები და სხვადასხვა დიზაინი. 2010 წელს გამოცემულ 5-ფუნტიან მონეტაზე გამოსახულია წარწერა: "ელიზაბეტ II • გიბრალტარის დედოფალი". გიბრალტარში საცალო მაღაზიების უმეტესობა ასევე ვაჭრობს ევროთი. 1984 წელს სამხედრო საქმიანობა გიბრალტარის ეკონომიკის 60 პროცენტზე მეტს წარმოადგენდა, რომელიც ჯერ 7%-მდე ჩამოვიდა ხოლო, ახლა გიბრალტარის ეკონომიკა დგას ფინანსურ სერვისებზე, ონლაინ თამაშებზე, ნავიგაციასა და ტურიზმზე.

5. ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (1 ფუნტი სტერლინგი - 1.3 აშშ დოლარი) (1 ფუნტი სტერლინგი - 3.72 ლარი)

ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი არსებობის ისტორია აქვს, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს აფიქრებინებს, რომ სტერლინგი არის მსოფლიოში ყველაზე მყარი და მაღალი ღირებულების ვალუტა, მაგრამ ის მხოლოდ მეხუთე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ფუნტი სტერლინგი უფრო გამოყენებადი და მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე ვიდრე მის წინ მყოფი ვალუტები. ფუნტი სტერლინგი აშშ დოლართან, ევროსთან, იაპონურ იენთან და ავსტრალიურ დოლართან ერთად მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ვალუტას წარმოადგენს. 2018 წელს გაერთიანებულ სამეფოში წლიურმა ინფლაციამ 2,3% შეადგინა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით).

4. იორდანული დინარი (1 იორდანიის დინარი - 1.41 აშშ დოლარი) (1 იორდანიის დინარი - 4.03 ლარი)

დინარი იორდანიის ოფიციალური ვალუტა გახდა 1950 წელს და შეცვალა პალესტინის ფუნტი. იორდანიას აქვს განვითარებადი ეკონომიკა, ქვეყანა ენერგო რესურსების იმპორტზეა დამოკიდებული. კითხვა, თუ რატომ არის იორდანიის დინარი ასეთი ძვირადღირებული ვალუტა, პასუხი არის ის, რომ იორდანიის მთავრობა ინარჩუნებს ფიქსირებულ გაცვლით კურსს, რითაც უზრუნველყოფენ ვალუტის სტაბილურობას. 2018 წელს იორდანიაში წლიურმა ინფლაციამ 3,6% შეადგინა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით).

3. ომანის რიალი (1 ომანის რიალი - 2.6 აშშ დოლარი) (1 ომანის რიალი - 7.44 ლარი)

ომანის ოფიციალური ვალუტა არის ომანის რიალი, რომელიც შემოიღეს 1979 წელს. 1970 წლამდე ომანს არ ჰქონდა ეროვნული ვალუტა და იყენებდნენ ინდოეთის რუპიას. 1970 წლიდან ოფიციალური ვალუტა იყო საუდის არაბეთის რიალი, ხოლო 1973 წლიდან სულთანმა ქაბუს ბინ საიდმა შემოიღო ეროვნული ვალუტა ომანის რიალი. ომანი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა დგას ნავთობის ინდუსტრიაზე. გარდა ნავთობისა, ეკონომიკის დამხმარე დარგებია ტრადიციული რეწვა და სოფლის მეურნეობა. 2018 წელს ომანში წლიურმა ინფლაციამ 0,9% შეადგინა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით).

2. ბაჰრეინული დინარი (1 ბაჰრეინული დინარი - 2.66 აშშ დოლარი) (1 ბაჰრეინული დინარი - 7.61 ლარი)

ბაჰრეინის დინარი ბაჰრეინის ოფიციალური ვალუტაა, რომელიც შემოიღეს 1965 წელს. ის ქუვეითის დინარის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ვალუტაა მსოფლიოში. დინარი ძირითადად გამოიყენება ნავთობის სავაჭრო ოპერაციებისთვის. 2018 წელს ბაჰრეინში წლიურმა ინფლაციამ 1,9% შეადგინა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით).

1. ქუვეითური დინარი (1 ქუვეითური დინარი - 3.29 აშშ დოლარი) (1 ქუვეითური დინარი - 9,46 ლარი)

გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1961 წელს ქუვეითში შემოიღეს ეროვნული ვალუტა დინარი, რომელიც თავიდან ფუნტი სტერლინგის ექვივალენტი იყო. 1990 წელს როცა ერაყი შეიჭრა ქუვეითში, ერაყულმა დინარმა შეცვალა ქუვეითური დინარი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქუვეითმა დაიბრუნა ეროვნული ვალუტა და სრულად აღადგინა ძველი ბანკნოტები. მიუხედავად იმისა, რომ ქუვეითური დინარის ღირებულება ყველა სხვა ვალუტასთან შედარებით მაღალია, მისი როგორც მსოფლიოში ნომერ პირველ ვალუტაზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან ქუვეითი პატარა ქვეყანაა, ქვეყნის შიგნით ვალუტას არ აქვს დიდი ბაზარი, ხოლო ქვეყნის გარეთ, მისი გამოყენების ინტერესი მცირეა. მართალია ქუვეითური დინარის ფასი სტაბილურია, თუმცა მას საერთაშორისო აღიარება არ აქვს. ქუვეითის ეკონომიკა დგას ნავთობპროდუქტებზე, სახელმწიფოს შემოსავლების 80%-ზე მეტი სწორედ მასზე მოდის, ხოლო უცხოური ვალუტით გარიგების 60%-ზე მეტი აშშ დოლარით ხორციელდება. 2018 წელს ქუვეითში წლიურმა ინფლაციამ 0,4% შეადგინა (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები