მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები NBA-ის 2025/26 წლების სეზონზე

ყველაზე შემოსავლიანი კალათბურთელები 2025

NBA-ის ახალი სეზონი უკვე დაიწყო და უნდა აღინიშნოს, რომ სტეფ კარის მიმდინარე სეზონში ჯამში დაახლოებით $159.6 მილიონის შემოსავალი ელოდება. ეს არის როგორც ხელფასიდან, ისე რეკლამებიდან და ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული თანხა. ამით 37 წლის გამთამაშებელი პირველად ხდება NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე თავისი ბრწყინვალე პროფესიული კარიერის განმავლობაში, რომელიც უკვე მე-17 სეზონში შედის.

Forbes-ის წლიური რეიტინგის 15 წინა გამოცემიდან არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია კარის დონემდე მისული შემოსავალი. ყველაზე ახლოს იყო ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც შარშან $128.7 მილიონი გამოიმუშავა. ჯეიმსი, რომელიც ზედიზედ 11 წელი ლიდერობდა NBA-ის შემოსავლების სიაში 2014-15 წლებიდან მოყოლებული, ახლა მეორე ადგილზეა მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით $137.6 მილიონს შეადგენს.

კარი ამჟამად NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, როგორც მოედანზე (სადაც მისი ხელფასი $59.6 მილიონია), ისე მოედანს მიღმა, სადაც წლიურად $100 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს. ეს შემოსავალი მოდის მისი მრავალფეროვანი და მოგებიანი პარტნიორობებიდან, მათ შორის მისი საკუთარი Curry Brand-ისგან, რომელიც Under Armour-ის ქვეშ ფუნქციონირებს.

Forbes-ის მიხედვით, მხოლოდ ოთხ მოქმედ სპორტსმენს ჰქონია ოდესმე $100 მილიონზე მეტი ბიზნესშემოსავალი: გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსს ($105 მილიონი 2009 წელს), ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს ($100 მილიონი 2020-ში), MMA-ის მებრძოლ კონორ მაკგრეგორს ($158 მილიონი 2021-ში) და ბეისბოლის ვარსკვლავ შოჰეი ოტანის ($100 მილიონი მიმდინარე წელს).
მაგრამ კარი ერთადერთი არ არის, ვინც ახალ სიმაღლეებს აღწევს. NBA-ის ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებელი მოთამაშე ჯამში $902 მილიონს გამოიმუშავებს მიმდინარე სეზონში, რაც 15%-ით მეტია გასული წლის რეკორდულ $787 მილიონზე.

ამ თანხიდან $380 მილიონი მოედნის მიღმა შემოსავალია, რაც გაცილებით აღემატება 2022-23 წლების წინა რეკორდს ($330 მილიონი). ლიდერობენ ჯეიმსი ($85 მილიონი), კევინ დურანტი („ჰიუსტონ როკეტსი“, $51 მილიონი), იანის ანტეტოკოუნმპო („მილუოკი ბაქსი“, $45 მილიონი) და თავად კარი. მათი კომბინირებული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა სპორტის სახეობების ვარსკვლავების შედეგებს MLB-ში ($120 მილიონი), NFL-ში ($110 მილიონი), NHL-ში ($27 მილიონი), გლობალურ ფეხბურთში ($238 მილიონი), გოლფში ($199 მილიონი) და ჩოგბურთში ($192 მილიონი).

მოედანზეც საქმე უკეთესად მიდის: NBA-ის შემოსავლების ზრდამ ხელფასების ზღვარი მკვეთრად გაზარდა. ამ სეზონის ტოპ ათეულ მოთამაშეს ჯამში $522 მილიონის ხელფასი ექნება, რაც ორნახევარჯერ მეტია ათი წლის წინანდელ მაჩვენებელზე ($210 მილიონი). მაშინ, 2015-16 სეზონში, კობი ბრაიანტი იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე $25 მილიონით. ახლა კი 75 მოთამაშე მიიღებს ან მეტს, ან ამდენს.

და ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება, როცა ძალაში შევა NBA-ის ისტორიული მაუწყებლობის ხელშეკრულებები, რომლებიც გასულ წელს გაფორმდა და მოიცავს $76 მილიარდს 11 წელზე. ეს გარიგება ლიგას საშუალოდ წლიურად 4 მილიარდით მეტს მოუტანს და ხელფასების ზღვარს კიდევ უფრო გაზრდის $165.5 მილიონამდე მომდევნო სეზონში, მიმდინარე წლის $154.6 მილიონიდან.

ამასობაში კი, კარი უკვე ემზადება კიდევ ერთი ისტორიული ნიშნულის დასაძლევად, ის გახდება NBA-ის პირველი მოთამაშე, რომელიც ერთ სეზონში $60 მილიონზე მეტს მიიღებს ხელფასში: 2026-27 წლებში მისი ანაზღაურება იქნება $62.6 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები