მილანო–კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 2,900 სპორტსმენი 90-ზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც 116 დისციპლინაში ასპარეზობენ. ამ სპორტსმენების უმრავლესობისთვის, მათ შორის იმათთვისაც კი, ვინც მომავალ ჩემპიონად მოიაზრება, საკუთარი სპორტი რეალურად შემოსავლის მთავარი წყარო არ არის. მეტიც, მაღალი სამოგზაურო და საწვრთნელი ხარჯების გათვალისწინებით, მსოფლიო ასპარეზზე მიღწეული სპორტული დიდება ხშირად ფინანსურ დანაკარგსაც კი ნიშნავს.
თუმცა 2026 წლის თამაშებზე არსებობს სპორტსმენთა მცირე ჯგუფი, ვისაც “ოქროს ფასი“ უპრობლემოდ შეუძლია გადაიხადოს.
ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე არ მონაწილეობენ NBA-ის, გოლფისა და ჩოგბურთის ვარსკვლავები, რომელთა კოლოსალური ხელფასები ზაფხულის თამაშებს დაჰკრავს ჩრდილს და ხშირად აჰყავს ისინი Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში მამაკაცთა ჰოკეის ტურნირზე მილანში NHL-ის 146 მოთამაშე ითამაშებს. ლიგას, რომელმაც 2014 წლის შემდეგ პირველად დაუშვა მოთამაშეები ოლიმპიადაზე, ამ სეზონში მინიმალური ხელფასი $775,000 აქვს. Forbes-ის NHL-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ათეულიდან ცხრა უახლოეს ორ კვირაში ოლიმპიურ ფორმას მოირგებს.
ჰოკეისტებს შორის ამ სიას სათავეში უდგას აშშ-ის ნაკრების ფორვარდი ოსტონ მეტიუსი, რომელსაც „ტორონტო მეიპლ ლიფსი“ ამ სეზონში $15 მილიონზე მეტს უხდის და რომელიც მოედნის მიღმაც დაახლოებით $5 მილიონს გამოიმუშავებს. თუმცა ეს $20 მილიონიც კი არ არის საკმარისი, რომ ის წლევანდელი ოლიმპიადის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდეს.
ეს ტიტული ეკუთვნის ეილინ გუს - ამერიკაში დაბადებულ ფრისტაილის მოთხილამურეს, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებში დედის სამშობლოს, ჩინეთს წარმოადგენს. Forbes-ის შეფასებით, 22 წლის მარკეტინგული სუპერვარსკვლავი ბოლო 12 თვეში დაახლოებით $23 მილიონს გამოიმუშავებს სპონსორობიდან (პლუს დაახლოებით $100,000 საპრიზო თანხის სახით).
გუს და სხვა ოლიმპიელებს ამ თვეში პოდიუმზე დგომამ შესაძლოა შემოსავლები კიდევ უფრო გაუზარდოს. ოლიმპიურ სპორტებში სპონსორულ კონტრაქტებში ხშირად გათვალისწინებულია ფინანსური ბონუსები მედლებისთვის, ხოლო გამარჯვებამ შეიძლება ახალი პარტნიორებიც მოიზიდოს - მაგალითად, ისეთები, როგორიცაა Wheaties, თამაშების შემდგომი ეიფორიის ფონზე.
გარდა ამისა, ზოგი ქვეყანა საკუთარ სპორტსმენებს მედლებისთვის ფულად პრემიებს უხდის. მაგალითად, აშშ-ის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტი წელს თითოეულ ოქროს მედალზე $37,500-ს, ვერცხლზე $22,500-ს, ხოლო ბრინჯაოზე $15,000-ს გასცემს. მასპინძელი ქვეყნის, იტალიის სპორტსმენებისთვის, თანხები დაახლოებით $71,000-დან $213,000-მდე მერყეობს, ხოლო კიდევ ორი დელეგაცია ჩემპიონებს თითქმის $800,000-ს უხდის.
ამერიკელი სპორტსმენები კი სარგებელს მონაწილეობის გამოც იღებენ. მას შემდეგ, რაც აქტივების მმართველი კომპანიის Stone Ridge-ის დამფუძნებელმა და CEO-მ როს სტივენსმა შარშან $100 მილიონი შესწირა აშშ-ის ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტს, თითოეული ამერიკელი ოლიმპიელი და პარალიმპიელი საბოლოოდ $200,000-ს მიიღებს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგს აჩვენებს თამაშებზე.




























