მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველის 15 ნიმუშიდან 12-ში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები დასაშვებ ნორმაზე მეტი აღმოჩნდა"

5a58601431f32
BM.GE
12.01.18 11:12
4845
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დაკვეთით „MIC-TNS"-მა, კვლევა ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას.

აღნიშნული კვლევა სამ ეტაპად დაიყო. საწყისს ეტაპებზე, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, მომხმარებელთა ის კატეგორია გამოიკითხა, რომელიც ყველის შეძენისას გადაწყვეტილების მიმღებია და ამ პროდუქტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს. შედეგად, მომხმარებელთა მიერ იმერული ყველის მოხმარების სიხშირე, შეხედულებები და ქცევა იქნა შესწავლილი.
კვლევის დასკვნით ეტაპზე კი, იმ ობიექტებიდან, სადაც მოსახლეობა ყველს ყველაზე ხშირად ყიდულობს, აღებული ნიმუშები ლაბორატორიულად შემოწმდა.
მთლიანი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხარებელთა 93 % იმერულ ყველს მოიხმარს. ასევე, დადასტურდა, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ყველი საკულტო პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღ საკვებთან, ჯანმრთელობასთან და ორგანიზმისთვის ისეთ სასარგებლო ნივთიერებასთან, როგორიცაა კალციუმი.

თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. მათივე მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, თვლიან რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არ არის „ნატურალური“.

ლაბორატორიულმა კვლევამ, მომხმარებელთა შეხედულებებთან მიმართებით სრულიად საწინააღმდეგო შედეგები აჩვენა.

15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, გამოვლინდა რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები არ არის დაცული. აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები - კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

რაც შეეხება, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზის პასუხს, 15 ნიმუშიდან, 8-ში, მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

ზემოთაღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რძის მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ (Dairy Georgia) იწყებს აქტიურ მუშაობას, რათა გაზარდოს მომხმარებელთა ცნობიერება ყველის შესახებ და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხარისხიანი ყველის წარმოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები