ფრანგული კომპანია „სისტრას“ ქართული წარმომადგენლობა თბილისის მერიას სატრანსპორტო სქემის კვლევის პირველი ეტაპის შედეგებს ივნისში წარუდგენს, საბოლოო კვლევა კი, ოქტომბერში დასრულდება.
ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერიაში განუცხადეს.
„სისტრას“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ასმათ აბესაძის განმარტებით, კვლევის პირველი ეტაპის ფარგლებში შეთანხმდა როგორც - ახალი სამარშრუტო სქემა, ისე ავტობუსების მარშრუტები, ასევე, შეთანხმდა მოძრავი შემადგენლობა, შესყიდვების გეგმა და იმპლემენტაციის სქემა.
კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში კი, საუბარია ახალი სატრანსპორტო სააგენტოს შექმნაზე, რომელიც იქნება თბილისის მერიის სსიპ, თუმცა რა ფუნქციები ექნება აღნიშნულ სააგენტოს ამაზე მსჯელობა უკვე სამუშაოების მეორე ეტაპზე გაგრძელდება.
კვლევის პირველ ეტაპზე უკვე მზადაა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, მიკროავტობუსების ახალ ქსელს აღარ მოემსახურებიან და მათი ახლით ჩანაცვლება მოხდება.
„სისტრა“ მიიჩნევს, რომ მიკროავტობუსები ქალაქისთვის აუცილებელია, თუმცა სად იმოძრავებენ ისინი, ეს უკვე მერიის გადასაწყვეტია.
შესყიდვების გეგმის მიხედვით, ახალი მოძრავი შემადგენლობა დედაქალქში 2020 წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს.
თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს „თბილისის მიკროავტობუსთან“ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვის მიზნით, თუმცა მხარეები ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ.
„თბილისის მიკროავტობუსში“ მხოლოდ ის თქვეს, რომ მას შემდგ, რაც ოფიციალურად დაიდება „სისტრას“ კვლევა, კომპანია გაიზიარებს და იმოქმედებს აღნიშნული კვლევის შესაბამისად.
შეგახსენებთ, დღესდღეობით, თბილისს „თბილისის მიკროავტობუსის“ 1500 სამარშრუტო ტაქსი ემსახურება; მოხდება თუ არა ყველა ძველი მოძრავი მიკროავტობუსის ახლით შეცვლა თუ შემცირდება მათი რაოდენობა, ჯერ უცნობია.