“წლევანდელი ზაფხული “თეგეტა აკადემიასა” და ჰოლდინგისთვის გამორჩეული იყო” - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში “თეგეტა აკადემიის” დირექტორი, ოთარ სიხარულიძე საუბრობს და ზაფხულში კადრების გადამზადებისა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
“ამ დრომდე, ზაფხულის პერიოდში კადრების გადამზადების პროგრამები შეჩერებული იყო, რადგან ბიზნესი ვერ ახერხებდა კადრების გამოთავისუფლებას, შვებულებების გამო. თუმცა წელს ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ როგორც არაფორმალურ, ისე ფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში.
წელს პირველი ზაფხული იყო, როდესაც მონაწილეობას USAID-ის კადრების გადამზადების ორ პროექტში ვიღებდით მონაწილეობას. ერთმა დაგვანახვა, რამდენად ეფექტურია არაფორმალური განათლების როლი ამ პერიოდში, რადგან საშუალება მოგვცა, კადრების გამოთავისუფლების პრობლემა დაგვებალანსებინა. მეორემ გვაჩვენა, რომ ბიზნესისთვის ზაფხული საუკეთესო დროა, კადრები მომავალი სეზონისთვის მოამზადოს”, - ამბობს ოთარ სიხარულიძე.
“თეგეტა აკადემიის” დირექტორი კადრების გადამზადების მნიშვნელობაზე, გაზრდილი ემიგრაციის ჭრილშიც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რადგან ავტოინდუსტრია მაღალანაზღაურებადი სფეროა უცხოეთში, ბევრი კადრი ქვეყანას ტოვებს: “ვცდილობთ, თადარიგი დავიჭიროთ. გვაქვს არაფორმალური განათლების პროექტი “დაიწყე კარიერა თეგეტაში”, სადაც ორ ჯგუფს ერთდროულად ვიღებთ, რადგან ვიცით, რომ ახალი სეზონიდან ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა კადრებზე მაღალია”.
რაც შეეხება ფორმალურ განათლებას, ოთარ სიხარულიძის თქმით, “თეგეტა” ტრენინგებს ამ მიმართულებითაც აქტიურად ახორციელებს.
“ზაფხულშივე ასევე დავასრულეთ სწავლება ორმხრივ პროგრამაზე, ელექტრო დიაგნოსტიკის მიმართულებით და ზაფხულშივე გამოვაცხადეთ ძრავის მოსამზადებელი პროგრამა - შესაბამისად, ეს ზაფხული ჩვენთვის ყველაზე დატვირთული იყო.
ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით “თეგეტა” ამ მასშტაბებზე აქამდე არასდროს გასულა. მიმდინარეობდა ტრენინგებიც. ზაფხულის პერიოდში 300 თანამშრომელი გადავამზადეთ, რაც ჩვენთვის, სხვა წლის ზაფხულის სტატისტიკასთან შედარებით, წარმოუდგენელია”, - ამბობს ოთარ სიხარულიძე.
"თეგეტა აკადემია" მომავალი წლიდან ფორმალური განათლების ფორმულით მსურველებს გაყიდვების კონსულტანტის პროგრამებსაც შესთავაზებს: "Usaid-ის ახალმა პროგრამებმა სრულიად სხვა სტატუსი შესძინა ამ ყველაფერს, თუნდაც ფორმალური და არაფორმალური განათლების ნაწილში. ჩვენ არაფორმალური განათლების პროგრამით ვამზადებთ გაყიდვების კონსულტანტს, მსუბუქი ავტომობილებისა და სატვირთოების მიმართულებით. გვინდა, რომ მომავალ წელს ამას ფორმალური სახეც მივცეთ".