გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან რეგულარულ რეისებს კიოლნი - თბილისი - კიოლნის მიმართულებით შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განმარტებით, გერმანია საქართველოსთვის სტრატეგიული ტურისტული ბაზარია, კიოლნი კი ახალი წერტილია, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებადობას გააუმჯობესებს.
ავიაკომპანია ახალ ხაზზე ოპერირებას 2 ივლისიდან 22 ოქტომბრამდე გეგმავს. ფრენები კვირაში ორჯერ Airbus A320-ით ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შესრულდება.
„უმნიშვნელოვანესია საჰაერო ხაზების დამატება იმისთვის, რომ დაკავშირებადობა გაიზარდოს არა მხოლოდ გერმანიასთან, არამედ ზოგადად ევროკავშირთან კიოლნის აეროპორტი მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.
სამინისტროს ინფორმაციით, გერმანია იმ ქვეყნების ათეულში შედის, საიდანაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ახალი საჰაერო ხაზი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ისე საქმიანი კონტაქტების გაღრმავებას.
ავიაკომპანიის საიტზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ფასი ამ მომენტისთვის ეკონომ კლასის შემთხვევაში 194-დან 389 ევრომდე მერყეობს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს სქართველოს გერმანიის 83 656 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.4% ზრდაა.
ცნობისთვის, Eurowings-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2021 წელს დაიწყო. ავიაკომპანია Lufthansa Group-ის შემადგენლობაში შედის და ძირითადად დაბალბიუჯეტიან გადაყვანებზეა ორიენტირებული.



























