ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოში 60 ავიაკომპანია სამგზავრო ფრენებს 110 მიმართულებით შეასრულებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში წერია.
"ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის საქართველოს მასშტაბით 60 სამგზავრო ავიაკომპანია ავიარეისებს 110 – ზე მეტ საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით შეასრულებს, რაც გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით დაახლოებით 6%-ით მეტი იქნება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნია, რომ 12 აპრილიდან Transavia France - ი პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით A320 ხომალდით ასრულებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს გააფართოებს, რათა პირდაპირ ფრენებთან ერთად გაიზარდოს საქართველოს ტურისტული ცნობადობა და ქვეყანაში უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი შემოვიდეს.
„საქართველოს ავიაბაზარზე ევროპული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France - ის შემოსვლით კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ევროპასთან პირდაპირი ფრენების რაოდენობა. ოპერირების დაწყებას წინ უძღოდა ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა. ჩვენი მიზანია, გვქონდეს მეტი წვდომა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებთან და პირდაპირი რეისების მეშვეობით საქართველოში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიყვანოთ.
ჩვენი პოლიტიკაა სამიზნე ბაზრების დივერსიფიკაცია, რისი წარმატებული მაგალითია 2025 წლის აპრილი, რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარზე 4 ევროპული მსხვილი ავიაკომპანია შემოვიდა. მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის კიდევ უფრო მეტ პირდაპირ ფრენას ველოდებით,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
Transavia France - ი 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს.