მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზაფხულში 100%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით" - რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ ჭრელ და მეფე ერეკლეს აბანოებს?

ჯაბა მამაცაშვილი

წელს, 9 თვის განმავლობაში, “ჭრელი აბანოსა” და “მეფე ერეკლეს აბანოს” დატვირთვა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 30%-ით გაიზარდა, დაბალ სეზონზე კი ზრდა 15% იყო. თბილისის ისტორიულ უბანში გოგირდის ამ კონკრეტული აბანოების დატვირთვისა და ტურისტების გეოგრაფიის შესახებ, აბანოების მმართველი კომპანია “აბანოთუბანი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჯაბა მამაცაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

“აბანოების დატვირთვა გაზრდილია, რადგან კომპანია გაიზარდა, ფილიალი დაგვემატა და ზრდის პოტენციალი კიდევ გვაქვს. ტურისტული სეზონების მიხედვით, დატვირთულობის მაჩვენებელი განსხვავებულია. ზაფხულში ჩვენი დატვირთვა 30%-ით გაიზარდა და აქტიურ ტურისტულ სეზონზე 90-100%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით. ზამთარში კი დაახლოებით 15%-იანი ზრდა გვქონდა”, - აღნიშნა “აბანოთუბანი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჯაბა მამაცაშვილი აღნიშნავს, რომ წელს ქვეყნების მიხედვით, ვიზიტორების მიმართვიანობა მათთან შეცვლილია და მიმდინარე წლის 9 თვეში უფრო მეტად ტურისტული ნაკადები საუდის არაბეთიდან და ჩინეთიდანაა მომატებული.

“რეალობა ასეთი იყო, ტურიზმის მიმართულებით ყოველთვის რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი ლიდერობდნენ. გარკვეულწილად ტენდენციები შეიცვალა.

ტურიზმში ბალნეოლოგიური ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოში ამ კონკრეტული ინტერესით ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის. ჯავშნებს, IP მისამართების მიხედვით ვხედავთ - მექსიკიდან დაწყებული იაპონიით დასრულებული, ჩვენს აბანოებში პირდაპირი ჯავშნები ძალიან ბევრი სხვადასხვა ეგზოტიკური ქვეყნიდან შემოდის. ტურისტები კონკრეტულად ბალნეოლოგიური ტურიზმის მიზნით ჩამოდიან. ძველ თბილისში, აბანოთუბანში ტურიზმის მიმართულებით ყველაზე მაღალი ტრაფიკის ზონა გვაქვს, იმიტომ რომ უდიდესი ისტორია გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ამ ისტორიას, უდიდესი კულტურაა იქ თავმოყრილი და, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი გოგირდის წყალია.

ჩვენი კომპანია უცხოეთში ძალიან ბევრ ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობს. ზუსტად ვიცით, რომელ ტურისტულ კომპანიას, რა რაოდენობის სტუმარი მოჰყავს. ათობით ათასი სტუმარი მივიღეთ ბოლო 9 თვის განმავლობაში არაბეთის საამიროებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ძალიან დიდი რაოდენობის სტუმარს ვუმასპინძლეთ ისრაელიდან. მიუხედავად ამ ქვეყნის პრობლემების და ომში ჩართულობისა, ისრაელელებს ძალიან უყვართ საქართველო და ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა იქიდან”, - განაცხადა ჯაბა მამაცაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები